ტრამპი: თუ პუტინს სურს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩამოსვლა შეუძლია
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება. კრემლში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება.
ამასთან, ტრამპის თქმით, არ იცის, მიიღებს თუ არა პუტინი სამიტში მონაწილეობას და თავადაც ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ში ჩასვლა სურდეს.
„თუ მას ჩამოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს. მისი თქმით, ზოგიერთი ლიდერი პუტინის სამიტზე ყოფნით უკმაყოფილო იქნება, თუმცა თავად რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობას მიესალმებოდა.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მსურს, რომ ის ჩამოვიდეს“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში.
კრემლში ხუთშაბათს განაცხადეს, რომ პუტინის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გასულ კვირას ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ სამიტზე დასწრების საკითხს განიხილავდა და გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში გამგზავრების გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთში არსებულ ვითარებასაც გაითვალისწინებდა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი ფლორიდაში 14-15 დეკემბერს გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…