"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
თურქულმა საფეხბურთო კლუბმა „ტრაბზონსპორმა“ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი დაგმო. კლუბი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება მიუღებელია.

უეფას ევროპალიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის, 23 Derece-ს ცნობით, პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.
ინციდენტს სოციალურ ქსელში თურქული კლუბი "ტრაბზონსპორი" გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო.
"ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ თურქულ გუნდებს ოკუპანტი სახელმწიფოს, ისრაელის წარმომადგენელ გუნდებთან დაპირისპირებისას საკუთარ ქვეყანაში და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე საშინაო მატჩების ჩატარების უფლება ერთმევათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას ორმაგ სტანდარტებს მიუღებლად მივიჩნევთ.
ამასთანავე, მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბეშიქთაშის გულშემატკივრების წინააღმდეგ დღეს საღამოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
თურქული ფეხბურთისა და ჩვენი გულშემატკივრების მიმართ უსამართლობის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთიანი მოქმედება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა.
კლუბის სახელით ვაცხადებთ, რომ ამ საღამოს მომხდარი უსამართლობის შედეგად დაზარალებული "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებისა და მთლიანად კლუბის გვერდით ვდგავართ. ასევე, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ინციდენტების დროს დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე, ბათუმში გადმოტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელურ კლუბს "ბეშიქთაშის" საშინაო მოედანზე, თურქეთში თამაშის უფლება არ მისცეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…