ეკა სეფაშვილი ნიდერლანდურ გამოცემა NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ - საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს
„ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებსა და ევროინტეგრაციის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს.

ქართველი პოლიტიკოსი ბრიუსელს აკრიტიკებს: "ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ" - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ნიდერლანდური გამოცემა NieuwRechts ვრცელ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ, "ხალხის ძალის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილთან.
მედიასთან საუბრისას დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს.
სეფაშვილი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში, ეროვნულ კანონმდებლობაში ჩარევასა და ევროინტეგრაციის პროცესის საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს, პარალელურად კი ხაზს უსვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, ხოლო ბრიუსელთან ურთიერთობების გადასატვირთად უპირობო დიალოგია საჭირო:
"საქართველოს სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს, თუმცა, პარლამენტარი ეკა სეფაშვილის თქმით, უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს.
პარტია "ხალხის ძალის" წევრი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში, ეროვნულ კანონმდებლობაში ჩარევასა და საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროპაში არასწორი წარმოდგენა აქვთ მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. გამოცემა NieuwRecht-თან საუბრისას იგი იცავს საქართველოს ევროპულ ამბიციებს, მაგრამ მწვავედ აკრიტიკებს ევროპულ ინსტიტუტებს: "ევროპული ინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენეს".
როგორც გამოცემა წერს საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მას შემდეგ ურთიერთობები გაუარესდა. ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს, თბილისში მთავრობა კი ამ ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სულ უფრო აშკარად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში.
სეფაშვილი ევროპული ინტეგრაციის პროცესს შიგნიდან იცნობს. იგი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, ევროპის საბჭოში მუშაობდა დემოკრატიული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე. ამჟამად იგი პარლამენტის წევრია, „ხალხის ძალაში“ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას კურირებს და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.
როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ პერიოდში საქართველოზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა ის ომში აქტიურად ჩართულიყო. ამ კონტექსტში იგი ახსენებს წინადადებებს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობისა და მოხალისეების გაგზავნის შესახებ.
"გვსურდა, მოსახლეობისთვის უფრო ნათლად გვეთქვა, რა ხდებოდა სინამდვილეში - რა ზეწოლა მოდიოდა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის. "ქართულ ოცნებაში" თავდაპირველად თავს იკავებდნენ ამაზე ასე ღიად საუბრისგან".
როგორც გამოცემა წერს, ამ პოზიციის გამო მას და მის თანამოაზრეებს ბრალი დასდეს პრორუსულობასა და ევროპული ინტეგრაციის შეფერხების მცდელობაში. სეფაშვილი ორივე ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, საქმე სწორედ იმას ეხებოდა, თუ როგორ დაეცვა საქართველოს საკუთარი ინტერესები სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევის გარეშე.
პოლიტიკური გამიჯვნის მიუხედავად, მისივე განმარტებით, "ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას" საგარეო პოლიტიკის საკითხებში ძირითადად ერთიანი პოზიცია აქვთ: "საგარეო პოლიტიკაზე ერთი ხმით ვსაუბრობთ. მხარს ვუჭერთ იმ კურსს, რომელსაც მთავრობა ამჟამად ატარებს". მისი თქმით, პარტიებს შორის განსხვავებები უმეტესად საშინაო საკითხებს, მათ შორის განათლებასა და სხვა პოლიტიკურ თემებს ეხება.
სეფაშვილის თქმით, ბრიუსელის კრიტიკის მიუხედავად, საქართველო ევროპულ ინტეგრაციას ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ნაწილად მიიჩნევს.
"საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ევროპული ინტეგრაცია ცივილიზაციური არჩევანია. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია დაახლოებით სამი ათას წელს ითვლის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ვიზიარებთ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა".-აცხადებს გამოცემასთან "ხალხის ძალის" ლიდერი.
ამასთან, იგი ხაზგასმით მიუთითებს ქვეყნის ქრისტიანულ ისტორიაზე. საქართველომ ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში მიიღო. სეფაშვილის თქმით, მას შემდეგ ქრისტიანობა, ეროვნული კულტურა და ქართული იდენტობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
"ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით თავს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად. ევროპის არჩევანი ისტორიულად ჩამოყალიბდა - ის გუშინ ან გუშინწინ არ გაგვიკეთებია".
მისი თქმით, ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და მოგვიანებით გაფართოვდა ვაჭრობის, მმართველობისა და კანონმდებლობის სფეროებში დადებული შეთანხმებებით.
ასოცირების შეთანხმება კი, რომელიც სრულად 2016 წელს ამოქმედდა, კვლავ რჩება ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლად.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობაშიც ფართო მხარდაჭერა აქვს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის, EU Neighbours East-ის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 71 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
თუმცა, სეფაშვილი ხედავს მზარდ სხვაობას ევროპულ იდეასა და მოქმედი ევროპული ინსტიტუტების ქმედებებს შორის: "პრობლემა ის არის, რომ ჩვენი აზრით, ევროკომისიის ბიუროკრატები აღარ იცავენ იმავე ღირებულებებს, რომლებზეც თავდაპირველად აშენდა ევროკავშირი".
სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო ევროკავშირის 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს ლოდინი მოუწია. სამივე ქვეყანამ განაცხადი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანა.
ევროპულმა საბჭომ მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით რეფორმებს დაუკავშირა. ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა კომპონენტის შესრულების მხრივ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ იყო.
"თუ გადავხედავთ ევროინტეგრაციის კრიტერიუმების შესრულებას, ჩვენი შეფასებით, საქართველო ლიდერობდა. მიუხედავად ამისა, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიიღეს. ქართველი ხალხისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ მოგვექცნენ განსხვავებულად".
მისი თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველების იმედგაცრუება მთავრობისადმი ნდობის შესარყევად გამოიყენეს.
იგი უცხოურ მხარეებს ადანაშაულებს პოლიტიკური არეულობის გაღვივებაში, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო.
როგორც გამოცემა წერს, 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე ცალმხრივად დღის წესრიგში არ დააყენებდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.
სეფაშვილის თქმით, ამ განცხადების მნიშვნელობა არასწორად არის წარმოჩენილი. იგი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არ შეუწყვეტია ასოცირების შეთანხმების შესრულება: "ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ შეთანხმებებთან დაახლოებას. ესეც ევროპული ინტეგრაციაა. პრემიერმა თქვა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში არ ვაყენებთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნას, რათა უკეთ მოვემზადოთ“.
მისი თქმით, ამით მთავრობას სურდა თავიდან აეცილებინა ბრიუსელის მიერ მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივის მუდმივ ზეწოლის ბერკეტად გამოყენება.
იგი მიუთითებს, რომ ევროპულმა საბჭომ ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში დააფიქსირა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული იყო. შესაბამისად, მისი აზრით, არასწორია შექმნილ ჩიხზე პასუხისმგებლობის საქართველოს მთავრობაზე დაკისრება.
ეს განსხვავება ორივე მხარისთვის არსებითია. მაშინ როცა სეფაშვილი 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებას დროებით, სტრატეგიულ ნაბიჯად წარმოაჩენს, ბრიუსელი მას ევროპული ღირებულებებისგან დაშორების ნაწილად განიხილავს.
მედიის ინფორმაციით, შინაარსობრივი დაპირისპირება უკავშირდება ორ კანონს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო. პირველი ეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, ხოლო მეორე - ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას.
სეფაშვილი ევროკავშირის მოთხოვნას ამ კანონების გაწვევის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტის პირდაპირ ხელყოფად მიიჩნევს: "ევროკავშირს სურს, რომ დიალოგის განახლებამდე ეს ორი კანონი გავაუქმოთ. ჩვენ ამას ჩვენს საშინაო პოლიტიკაში პირდაპირ ჩარევად მივიჩნევთ".
მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონმა ნათელი უნდა გახადოს, რომელი ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან და საიდან მოდის ეს თანხები.
ამასთან, იგი იშველიებს გამჭვირვალობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების ევროპულ პრინციპებს: "ჩვენი მთავრობისგან მუდმივად ითხოვენ გამჭვირვალობას. მაშ, რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროება?"
სეფაშვილის განცხადებით, ეს კანონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უცხოური დაფინანსება, მისი შეფასებით, როლს თამაშობს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში.
იგი ამტკიცებს, რომ გარკვეული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ არეულობებისა და ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში.
ევროპულ ინსტიტუტებს განსხვავებული დასკვნა აქვთ: ევროკომისია და ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო - ვენეციის კომისია აფრთხილებენ, რომ აღნიშნულმა კანონმა შესაძლოა შეაფერხოს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის საქმიანობა.
სეფაშვილი საუბარობს და იცავს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას. ეს ზომები, სხვა საკითხებთან ერთად, ზღუდავს სქესის შეცვლის სამედიცინო ჩარევებს, სქესის სამართლებრივ შეცვლას, ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანასა და ასეთი ქორწინებების აღიარებას.
მისი თქმით, კანონი ემსახურება ოჯახების, არასრულწლოვნებისა და იმ საზოგადოებრივი ღირებულებების დაცვას, რომლებსაც საქართველოში ღრმა ფესვები აქვს. ამავდროულად, იგი უარყოფს, რომ კანონმდებლობა მიზნად ისახავს ლგბტ პირებისთვის ფუნდამენტური უფლებების წართმევას.
"ამ ადამიანების უფლებები ჩვენს კანონმდებლობაში დაცულია. ამ თემის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ისინიც სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ჩვენეული მექანიზმებით". თუმცა ევროკომისია და ევროპის საბჭო მიიჩნევენ, რომ ეს ზომები შეუთავსებელია იმ ვალდებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირის სამომავლო წევრობა მოითხოვს.
სეფაშვილისთვის სწორედ ეს დაპირისპირებაა უფრო დიდი პრობლემის საილუსტრაციო მაგალითი. მას სურს, საქართველომ შეძლოს ევროპული კურსის გაგრძელება ისე, რომ ბრიუსელი არ განსაზღვრავდეს, რომელი ეროვნული კანონმდებლობაა პოლიტიკურად მისაღები.
როგორც მედია წერს, ურთიერთობებს ართულებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. სეფაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საყვედურობს, რომ ისინი ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს არჩევნებს მაშინ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მისი თქმით, პოზიტიური ასპექტებს აფიქსირებენ. იგი მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა სხვადასხვა პარტიამ შეძლო.
"ქართულ ტელეარხებს სანქციებს უწესებენ იმის გამო, რომ ისინი ახერხებენ საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივების გაქარწყლებას".
"საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები კონკურენტულად შეაფასეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი კვლავ საუბრობს არალეგიტიმურ მთავრობასა და არალეგიტიმურ პარლამენტზე. ეს კი ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს“.
განხილვის საგნად რჩება არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციებიც. სეფაშვილი უცხოელ პოლიტიკოსებსა და მედიას ადანაშაულებს იმაში, რომ ძალადობრივ დემონსტრაციებს მშვიდობიან პროტესტად წარმოაჩენენ.
იგი იხსენებს ინციდენტებს, სადაც "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს, და აცხადებს, რომ ევროპის ხელისუფლებები ამ შემთხვევაში სხვა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, ვიდრე მაშინ, როცა მსგავსი ძალადობა დასავლეთ ევროპაში ხდება.
სეფაშვილი ასევე კრიტიკულად აფასებს სანქციებს, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა ქართველ თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს დაუწესეს. იგი კონკრეტულად ახსენებს ბრიტანეთის ზომებს ტელეკომპანიების - "იმედისა" და "POSTV"-ის წინააღმდეგ.
"ორმაგი სტანდარტებისა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო ადამიანები ევროპული ინტეგრაციისადმი ნდობას კარგავენ".
გაერთიანებულმა სამეფომ ეს სანქციები 2026 წლის თებერვალში დააწესა - სეფაშვილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
"ქართულ ტელეარხებს სანქციებს უწესებენ მაშინ, როცა მიგვაჩნია, რომ ამისთვის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ჩემი აზრით, მათ იმიტომ ესხმიან თავს, რომ ახერხებენ საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივების გაქარწყლებას".
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ამასთან, იგი შეგნებულად განასხვავებს ერთმანეთისგან ევროპის მოქალაქეებსა და ბრიუსელის პოლიტიკურ მოხელეებს.
იგი აღნიშნავს, რომ ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა ზეწოლის ქვეშ ექცევა იმის გამო, რომ კავშირი, მისი თქმით, მუდმივად აყენებს წინაპირობებს და იმუქრება სხვადასხვა ზომით, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვით.
2026 წლის მარტში ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში დარჩა.
სეფაშვილის თქმით, მსგავსი ნაბიჯები ამყარებს განცდას, რომ ბრიუსელი აღარ მოქმედებს როგორც თანასწორი პარტნიორი: "ორმაგი სტანდარტებისა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობის გამო ადამიანები ევროპული ინტეგრაციისადმი ნდობას კარგავენ. ამას კარგ ტენდენციად არ მივიჩნევ".
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კრიტიკის მიუხედავად, სეფაშვილი კვლავ იცავს ევროპულ თანამშრომლობას.
იგი ვერ ხედავს წინააღმდეგობას ქართულ ეროვნულ იდენტობასა და ევროკავშირში მომავალს შორის - პრობლემა, მისი აზრით, იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ექცევიან მხარეები ახლა ერთმანეთს.
მისი შეფასებით, გამოსავალი იწყება არა ახალი მოთხოვნებით, არამედ პირდაპირი კონსულტაციებით. იგი მიიჩნევს, რომ საქართველომ და ევროპულმა ინსტიტუტებმა უთანხმოებები უნდა განიხილონ ისე, რომ წინასწარ არ განსაზღვრონ, რომელმა მხარემ უნდა დათმოს პირველმა.
"დიალოგს წინაპირობები არ სჭირდება. დიალოგის მიზანი სწორედ ის არის, რომ ორივე მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს იმ თემებზე, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ".
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული "ხალხის ძალის" ლიდერი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთვის საკუთარი პოლიტიკური პირობების თავს მოხვევა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…