ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა და მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორის ტენდენციები და ფინანსური სტაბილურობა განიხილა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და მომგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.
"EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში. ქართული ბანკებისთვის ეს არის რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარში, ისე დოლარში გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში - მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე გავცალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.
ინფორმაციას ევროვნული ბანკი ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…