მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ამნისტიის კანონით სასჯელი 5.5 წლამდე შემცირდა
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, რომელიც ამნისტიის კანონის საფუძველზე 5.5 წლამდე შემცირდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის შესაბამისად სასჯელი განახევრდა და 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნული თანხა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა." - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.