ლევან გოგიჩაიშვილი - „ქოლ-ცენტრების“ ფულით „ოცნება“ ყიდულობს პროკურორებს, პოლიციას, მოსამართლეებს, „კრიმინალურ სამყაროს“ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 260 000-ლარიანი მანქანა აჩუქეს, თითქოს 80 000-ლარიანით ვერ გაივლიდა
ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნება“ „ქოლ-ცენტრების“ ფულით პროკურორებსა და მოსამართლეებს ყიდულობს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კი 260 000-ლარიანი მანქანა აჩუქა. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდმა მეტროს 145-მილიონიანი ტენდერიდან 41 მილიონი ლარი მოიპარა.

როცა სარჩელის განხილვა დაიწყეს, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე [რევაზ ნადარაიას] 260 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა აჩუქა. თითქოს, ისეთი ვინმეა, 80 000-ლარიანი მანქანით ვერ გაივლიდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მან გადაცემაში ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალკეულ პირებთან ბრძოლა, დანაშაულთან ბრძოლა არ არის. ამასთან, მათ შორის კორუფციულ პრობლემებს დაუკავშირა პოლიტიკოსმა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიაც. როგორც მან აღნიშნა, „აქაც ყველაფერი კორუფციამდე და ხელისუფლების პასუხისმგებლობამდე მიდის“.
„ძალიან მძიმე ამბავია, მთელი ქვეყანაა შეძრული, ასეთი მძიმე ინფორმაციები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ისედაც ადამიანების არასახარბიელო ყოფას. „გაჭირვებულ ადამიანს ქვა აღმართში დაეწიაო“, ასეთი ამბავია. ეს ისეთი სივრცეა, სადაც ადამიანებს არ ულხინთ და მართლა გადარჩენისთვის იბრძვიან. სამწუხაროა, რომ ასეთმა უბედურმა შემთხვევამ ჩვენი თანამოქალაქეების უძვირფასესი სიცოცხლე შეიწირა. ადამიანი უძლური ხარ, გაბრაზდები, დაიბოღმები, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, ეს არის წუთისოფლის უსამართლობა. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ ადამიანებისთვის გავაკეთოთ - ვილოცოთ, საზოგადოებამაც და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ ამ ბავშვს, რომელიც გადარჩა, კარგი ცხოვრება ჰქონდეს.
ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი გამოწვევა, სიღარიბეა. სიღარიბე ამ ქვეყანაში არის, რადგან ქვეყანაში კორუფციაა, ხალხს პარავენ. რამდენიმე დღის წინ იყო ამის კლასიკური მაგალითი, როდესაც 145 მილიონიანი ტენდერიდან კალაძის გუნდს 41 მილიონი აქვს მოპარული. ბუნებრივია, ამ ქვეყანაში სიღარიბე ვერ გამოსწორდება ვიდრე, არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს, გაღვიძებიდან დაძინებამდე ქართველი ხალხი გაქურდოს და რაღაც მოპაროს. ესენი არიან ჩამოყალიბებული ქურდები, კრიმინალები, რომელთაც საკუთარი გაუმაძღრობის გამო ყველაფერი შეუძლიათ.
ბავშვთა კვების ტენდერებიდან ფული მოიპარეს, ბაღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქვეყნიდან კორუფციის გამოა გაქცეული, ბავშვებს ფული მოპარა და გაიქცა, ეს ხომ კალაძის გუნდის წევრი იყო, ეს ხომ „ქოცი“ იყო? ხომ მათ დანიშნეს, თქვენ ხომ არ დაგინიშნავთ? გამრეკელის ქუჩაზე გადავრჩით, როდესაც 120-იანი მილი გასკდა. რამდენი ადამიანი საუბრობს, რომ გაგარინია პრობლემა. უბანი, სადაც ახლა ვიმყოფებით - იოსებიძე წყალზე დგას პირდაპირი მნიშვნელობით. ამ ყველაფერს სხვაგვარი ყურადღება ჭირდება, მაგრამ 140 მილიონიდან 41 მილიონს რომ მოიპარავს, სასადილოდან 1.20 ლარს რომ უხდი და 20 თეთრს მოიპარავს, ბაღიდან, კვებიდან ფულს რომ მოიპარავს, ეს ქმნის გულგრილობის და დანაშაულებრივ ჯაჭვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მეტროს მოდერნიზაციის ტემნდერიდან მოპარულ მილიონებზეც და ამ ბრალდებით პასუხისგებაში 4 ადამიანის მიცემაზე. ის აღნიშნულში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობას ხედავს.
„ამ უნამუსო, კორუმპირებულ კალაძეს რამე პასუხისმგებლობა გააჩნია ამ ქვეყანაში? არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ზუსტად ის პერიოდია, რა პერიოდშიც კალაძე თბილისის მერია, ეს ხომ არ არის 1000, 5000 ლარი, ეს არის 41 მილიონი ლარი. ეძინა აუდიტს, ეძინა შიდა სამსახურებს და სხვა სამსახურებს? რას აკეთებდნენ, უბრალოდ მაინტერესებს. ანტიკორუფციულის, ფინანსური პოლიციის ფუნქცია რა არის, ფარცხალაძის მომსახურება თუ ივანიშვილის? თუ იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების? მათი ფუნქციაა ქართველი ხალხის ფულის დაცვა, ქართველი ხალხის, ბიუჯეტის ფულია მოპარული, მათი მშობლების დანატოვარი და ივანიშვილის ფული კი არ არის მოპარული. ივანიშვილის ბიტკოინს ფასი აქვს და ქართველი ადამიანის შრომის შედეგად [მოპოვებულს] ფასი არ აქვს? ესენი არიან ტიპური ქურდები, მძარცველები, ყაჩაღები, კრიმინალები და დამნაშავეები. უნდა იცოდეს კალაძემ, ყველა თეთრს მოვატანინებთ რაც მოპარული აქვს, რომ იგონებს რაღაცებს, ყველა თეთრს მოვატანინებთ რაც მას, მის მეგობრებს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში უშოვიათ. ისეთი კორუფციაა თბილისის მერიაში, 50 დოლარი ღირს კვადრატულ მეტრზე მშენებლობის ნებართვა რომ მიიღოო, ეს ხმები დადის ქალაქში, მაგრამ ამ ქვეყანას არც პროკურატურა ჰყავს, არც ანტიკორუფციული. 50 მლნ კვადრატულ მეტრზეა ნებართვები გაცემული, აბა გადაამრავლეთ ეს 50 დოლარზე, რამდენი გამოდის, რამდენი ქრთამი აქვს ამ სიდამპლე მმართველობას თბილისში აღებული? იგივე ხდება ბათუმში, იგივე ხდება სხვა ქალაქებში, თითქმის, ყველა მერი კორუმპირებულია, ყველგან რაღაც ტენდერში ვიღაც ფულს იპარავს, ესენი არიან ქურდბაცაცები, მძარცველები, დამნაშავეები“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა „ქოლ-ცენტრების“ პრობლემას. გოგიჩაიშვილის თქმით, ცალკეული ადამიანების გასამართლება ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის მოშორებაა და ეს დანაშაულთან რეალური ბრძოლა არ არის.
„მაგალითად, ბათუმში გუგუნებს ჩინელების „ქოლ-ცენტრები“. თბილისში ძირითადად კონცენტრირებულია „ქოლ-ცენტრები“, რომლებიც დასავლეთ ევროპას ძარცვავენ, ბათუმში ძირითადად, ჩინელები არიან ჩაბუდებული, რომლებიც წყნარი ოკეანეს მხარეს ძარცვავენ. სოფო ხორგუანმა ერთი კვრის წინ, შეიტანა „ქოლ-ცენტრებთან“ ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც ამ დანაშაულის ორგანიზებას, წახალისებას მოიცავს და საკმაოდ საინტერესო დისპოზიციაა იმისთვის, რომ რეალური ბრძოლა მოხდეს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, „ქოლ-ცენტრების“ ფული ეს არის დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შავი ფული ამ ქვეყნისთვის. ამ ფულით ძირითადად, „ქართული ოცნების“ შავი ბუღალტერიის 60-70% ფინანსდება, ეს არის ტროლების 100%, ეს არის მედიის, რაც რეკლამით არ ფინანსდება, შემავსებელი ფულია. ეს არის ფული, რომლითაც „ქართული ოცნება“ ყიდულობს პროკურორებს, პოლიციის უფროსებს, მოსამართლეებს, აი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, კრიმინალს, რომელიც საბოლოო ჯამში მის გვერდით დგას. პოლიციის უფროსს როცა ვამბობ, არ ვსაუბრობ უბრალო პოლიციელებზე, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებიან, მე ვსაუბრობ მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურებიან. ცალკეული ადამიანების გასამართლება ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის მოშორებაა, ეს არ არის რეალური ბრძოლა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის პარალელურად, სასამართლოს თავმჯდომარეს ხელისუფლებამ ძვირადღირებული მანქანა აჩუქა.
„იქ, ორი რაღაც მოხდა, რაც ინდიკატორია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი ნეგატიური გადაწყვეტილება „ოცნებასთან“ შეთანხმებული სცენარია. „ქართულმა ოცნებამ“ 260 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა აჩუქა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. როცა მათ სარჩელის განხილვა დაიწყეს, „ქართულმა ოცნებამ“, მთავრობის ადმინისტრაციამ, რომლის გარეშეც ვერც ერთი უწყება ვერ ყიდულობს ავტომანქანას, აჩუქეს 260 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა, თითქოს, ისეთი ვინმეა, 80 000-ლარიანი მანქანით ვერ გაივლიდა.
ასევე, როცა საკონსტიტუციოს კონფერენციას აკეთებ და მოსარჩელეებით ხარ მიწვეული და არც ერთი სხვა ადამიანი ამ ღონისძიებაზე არ არის მიწვეული, გამოდის, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სხდომა და არა საკონსტიტუციო სასამართლოს ღონისძიება“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…