მიხეილ სარჯველაძე სამინისტროს ბიუჯეტის ზრდაზე: უდიდესი ნაწილი მოდის სოციალურ უზრუნველყოფაზე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს გადასცდა, გაზრდილი თანხის უდიდესი ნაწილი კი სოციალურ უზრუნველყოფაზე, პენსიებსა და დევნილთა ბინათმშენებლობაზე მიემართება.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს გაზრდილ ბიუჯეტსა და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც გამოყოფილი თანხები დაიხარჯება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, პრიორიტეტი სოციალური საკითხებია. მისივე თქმით, იზრდება როგორც პენსიები, ისე საყოველთაო დაზღვევის მოცულობა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა დევნილი მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
"პრაქტიკულად, უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. უდიდესი ნაწილი მოდის სოციალურ უზრუნველყოფაზე. პენსიების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ამ მიმართულებით არსებული დანახარჯების მოცულობა.
იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საკმაოდ დიდია ზრდა. მთლიანად, ჯანდაცვის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს გადასცდა და ეს ნამდვილად არ არის უმნიშვნელო რიცხვი.
დევნილების მხარდასაჭერად, დიდი ზრდაა გათვალისწინებული. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლოთ დევნილი მოსახლეობის წინაშე ვალდებულებების შესრულება, ვიდრე ეს ამ დრომდე არსებობდა.
ცა და დედამიწასავით განსხვავდება დღეს არსებული მშენებლობის ტემპი 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. ბოლო წლებში არნახული ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა - ერთდროულად ამდენი სახლი რომ აეშენებინა სახელმწიფოს [დევნილებისთვის], ასეთ რამ აქამდე არ მომხდარა. რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს პროექტი.
ახლახან დასრულდა თბილისში 11 კორპუსის მშენებლობა, ათასობით ოჯახს გადაეცა ბინები. კიდევ შენდება კორპუსები - ზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავში, დიდი მასშტაბი აქვს ამას მიღებული. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ხალხის პრობლემების გადაჭრა. საბედნიეროდ, გვაქვს ამის შესაძლებლობა.
როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეს, ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური შედეგები. ეს არის მთავარი, რადგან ამით ხდება შესაძლებელი, თუნდაც სოციალურ საკითხებზე მსჯელობა, ასეც გაგრძელდება. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულნი ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე.
ბიუჯეტის დაგეგმვასაც აქვს თავის ლოგიკა. იმისთვის, რომ სოციალური იყოს ბიუჯეტი, სწორ რიცხვად მიჩნეულია [გამოიყოს] დაახლოებით 30%. წლევანდელი ბიუჯეტი ასეთი იყო. მომავალ წელსაც იგივე დინამიკა ნარჩუნდება.
სახელმწიფოს სხვა უამრავი ხარჯი აქვს, მათ შორის, ზრუნავენ იმაზე, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა. ასეთი დაბალანსებული და გონივრული ნაბიჯებით ხდება შესაძლებელი წლიდან წლამდე ქვეყნის განვითარება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…