სახელმწიფოს რეგულირებული ჯანდაცვის სერვისების ფასები სტაბილურია - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ფასები სტაბილურია. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის ცნობით კი, 170-მდე შესწავლილ სტაციონარში 400-მდე ისეთი სერვისი გამოიკვეთა, რომლებზეც მაღალი ფასნამატი ფიქსირდება.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ფასები აბსოლუტურად სტაბილურია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ სერვისების ფასების მუდმივი დაკვირვება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით არ იფარება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს კონკურენციის სააგენტოს სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი დასკვნით ეტაპზეა და უწყება საბოლოო შედეგებს წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. სააგენტომ 170-მდე სტაციონარული დაწესებულება შეისწავლა, სადაც 400-მდე ისეთი სერვისი გამოიკვეთა, რომლებზეც მაღალი ფასნამატი ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საჭიროა დაბალანსებული მიდგომა, რომ თუ ფასი იზრდება, ეს სამართლიანი იყოს.
"ეს ფართო საკითხია. ყოველთვის აუცილებელია დავაზუსტოთ რომელი კატეგორიის მომსახურებებზეა საუბარი. ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას არ ეხება, რომელიც თავიდან ბოლომდე მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფასოა. სახელმწიფოს მიერ უშუალოდ რეგულირებული პროგრამების მეშვეობით ფასები სტაბილურია, შესაბამისად იქ რაიმე ცვლილებაზე და მოსახლეობაზე რაღაცა მძიმე ტვირთზე საუბარი არ შეიძლება. ისეთი სერვისები, რომელიც შეიძლება არ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იყოს მოცული მუდმივი დაკვირვების საგანს უნდა წარმოადგენდეს. ეს საკითხები კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს ეხება ფარმაცევტულ პროდუქტებს, სამედიცინო მომსახურებას და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ცვალებადობა ფიქსირდება, ამაზე თვალყურის დევნება უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
ერთი მხრივ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს სექტორი კერძო კომერციული სტრუქტურებით საკმაოდ გადატვირთულია. მათთვის აქტუალურია ბიზნესინტერესები, თუმცა იმავდროულად ეს დაბალანსებულ მიდგომებს მოითხოვს, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ფასების ზრდა აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მომსახურების ღირებულებაზე საუბრისას, ჩვენ უნდა გვქონდეს გათვალისწინებული სწორედ დაბალანსებული რეგულირების ეს ძირითადი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ეხება უკლებლივ ყველა სერვისს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ფასები აბსოლუტურად სტაბილურია", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…