სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
სუს-ის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა. მისი მტკიცებით, გასულ წელს გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოხსენებისას ბორაშვილმა დეტალურად მიმოიხილა გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული კომპლექსური ღონისძიებები და პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„სამსახურის უფროსის თქმით, 2025 წელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს წელი გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვისაც, რადგან ქვეყნის წინაშე მწვავედ იდგა როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთხეები, მათ შორის იყო დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს. ანგარიშის წარდგენისას თამაზ ბორაშვილმა გაიხსენა 2025 წლის ოქტომბრის მოვლენები, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ. სხვა ძალოვან უწყებებთან კოორდინაციით კი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული.
სამსახურის უფროსმა დეპუტატებს გააცნო კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს“, – განაცხადა ბორაშვილმა.
თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები, თუმცა, ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით საქართველო დაბალი რისკის სახელმწიფოს წარმოადგენს. სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საანგარიშო წელს საქართველოს დაზვერვის სამსახური გარდაიქმნა სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის სააგენტოდ. ასევე, 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურის სასწავლო ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად – სსიპ ,,სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად“ გარდაქმნის შესახებ.
მოხსენების წარდგენისას სამსახურის უფროსმა ისაუბრა უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლის დასასრულს, თამაზ ბორაშვილმა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოსვლამდე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, აღნიშნული ანგარიშის მოკლე მიმოხილვა სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ წარადგინა“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაგასული წლების მსგავსად, საქართველოში გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები ისევ მაღალი იყო - თამაზ ბორაშვილი
სუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა
თამაზ ბორაშვილი – 2025 წელს საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…