სუს-ის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა
სუს-ის ახალმა უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა, რის შემდეგაც სხდომა დაიხურა. მან განაცხადა, რომ ძალოვანმა უწყებებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა და პრეზიდენტის სასახლის დაკავების გეგმა აიცილეს თავიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა. თამაზ ბორაშვილმა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზე, BBC-ის გამოძიებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა უწყებებთან თანამშრომლობით იყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ ინსტიტუციურ და ოპერატიულ მექანიზმს ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მიმარეთული აქტივობები ხორციელდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
მაგალითისთვის, შეგახსენებთ, 2025 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობას და დესტაბილიზაციას. მათი გეგმის ნაწილი იყო სტრატეგიული ობიექტის, პრეზიდენტის სასახლის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა.
სუსმა დააიდენტიფიცირა ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო და გეგმავდა საზოგადოებრივ პროცესებს. ჩვენ მიერ სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.
დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება BBC-იც კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რო თითქოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ე.წ. კამიტი იქნა გამოყენებული. აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შსს-ს ნივთიერება კამიტი არასდროს შეუძენია. უფრო მეტიც, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გამოყენებულა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართლებად რჩება. საანგარიშო წლის განმავლობაში კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის პარალელურად, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საინიციატივო შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარკვეულწილად, მეტყველებს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულის გამოვლენაში. შედეგად, 2025 წელს შემოსული მამხილებელი შეტყობინებების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა, - განაცხადა ბორაშვილმა სასესიო სხდომაზე.
ბორაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა დაიხურა, შესაბამისად, უცნობია, რა კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა სუსის ახალ უფროსს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…