გიორგი ოკმელაშვილმა 2,5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ ქსნის ციხე დატოვა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულმა, სარეკლამო სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელმა გიორგი ოკმელაშვილმა 2,5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ქსნის ციხე დატოვა.
ის, მიმართვის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
გიორგი ოკმელაშვილი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პერიოდში, 2024 წლის მაისში, საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავების შემდეგ, თავდაპირველად, გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუმატეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიორგი ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფდა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას, ის ამბობდა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…