ბათუმის მერია 50 მეველეს დაიქირავებს ქალაქში უმეთვალყურეო ძროხების დასაჭერად
ბათუმის მერიამ ქალაქის დასუფთავებასა და უმეთვალყურეო პირუტყვის მოძრაობის აღსაკვეთად 15,4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც არანაკლებ 50 მეველე უნდა დასაქმდეს.

ბათუმის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც გამარჯვებული პრეტენდენტის ერთ-ერთი მოვალეობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა იქნება.
სატენდერო პირობის მიხედვით, „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გაფართოებამდე საზღვრებში“.
რაც შეეხება ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკურ პირობაში“ აღნიშნულია, რომ პრეტენდენტმა:
„ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გონიო-კვარიათის და დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი და პირუტყვის მოძრაობის აღკვეთა ცენტრალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის სეზონზე [1 მაისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით) 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.
ამისათვის პრეტენდენტმა ქალაქ ბათუმსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე უნდა განათავსოს არანაკლებ 50 მეველე და უზრუნველყოს უმეთვალყურეოდ მოძრავი პირუტყვის დაჭერა. მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ზედამხედველს წარუდგინოს მეველეთა დისლოკაცია და სამუშაო გრაფიკი“.
რა თანხას გადაუხდიან ერთ მეველეს შესრულებულ სამუშაოში ამ ეტაპზე უცნობია. ფასი ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება, თუ რა ფასად შესთავაზებს შესაბამის მომსახურებას პრეტენდენტი მერიას.
ტენდერი ბათუმის მერიას „ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების, ასევე ეზოებისა და სანაპირო ზოლის დაგვა-დასუფთავებაზე“ აქვს გამოცხადებული. მომსახურება უნდა განხორციელდეს 2027 წლის 1-ლი იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
ტენდერი 15 400 680 ლარით არის გამოცხადებული.
ქალაქის დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერებს კი უალტერნატივოდ ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ იგებს.
2026 წლის განმავლობაში ანალოგიურ მომსახურებაზე [ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა] ბათუმის მერიას მისივე შპს „სანდასუფთავებასთან“ ხელშეკრულება 14 351 823 ლარზე აქვს გაფორმებული.
რაც შეეხება „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთას“, ამ მომსახურებაში მერია მიმდინარე წელს თვეში 47 149 ლარს და 90 თეთრს იხდის. ანუ მთელი წლის განმავლობაში ჯამში 565 798 ლარს და 80 თეთრს გადაიხდის. ეს თანხა, მარტო მეველეებზე რომ გადავანაწილოთ, ერთ მეველეს თვეში 943 ლარი უწევს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით:
„თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, თუ მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…