როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირის გაჟონვისგან – რჩევები და შენიშვნები სპეციალისტისგან
თბილისში გაზის აფეთქებით 6 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, „სოკარ-ჯორჯიას“ იურისტი გელა სირაძე აცხადებს, რომ კომპანიას მხოლოდ ქსელის შემოწმება შეუძლია და არა შიდა დანადგარების, ხოლო დეტექტორების მონტაჟი კანონით ამ დრომდე ნებაყოფლობითია.

ბუნებრივი აირის აფეთქებამ თბილისში 19 ნოემბერს 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქება, სავარაუდოდ, დაზიანებულმა გამათბობელმა გამოიწვია, რომელიც მფლობელს ჩართულ მდგომარეობაში დარჩა.
რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟის და მოხმარების დროს და რას აკეთებს ან ვერ აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ცალკეული პირების დაუდევრობამ არ შეიწიროს სხვა ადამიანების სიცოცხლე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოკარ-ჯორჯიას იურისტს, გელა სირაძეს ესაუბრა.
ბატონო გელა, თუ არსებობს კონკრეტული გაიდლაინები, რომელიც უნდა მიეწოდოს მოსახლეობას იმისთვის, რომ არ გაჟონოს ან ფეთქება არ გამოიწვიოს საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივმა აირმა და ამის გამო არ დავკარგოთ ადამიანების სიცოცხლე?
პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოვხატო თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. ასევე მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვატარებთ კამპანიას და პირდაპირ ვუთითებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებზე.
ამასთან, შექმნილია ცხელი ხაზი – 16-114, რომელზე დარეკვაც უფასოა და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს, თუკი თვლის, რომ მისი გაზის დანადგარი არ მუშაობს სწორად და მოითხოვოს მისი შემოწმება.
თუმცა კანონმდებლობით, ჩვენი შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია – ქარხნული დანადგარი მუშაობს თუ არა გამართულად, ამის შემოწმების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ თუ კუსტარულად დამზადებული დანადგარი ხვდება ჩვენ სპეციალისტს ადგილზე, ეს დანადგარი ჩაიხსნას ქსელიდან ან შეუწყდეს ბუნებრივი აირის მიწოდება.
ასეთი შემთხვევები ისევ არსებობს?
რა თქმა უნდა. ხშირია შემთხვევები, როცა თვითნებურად აერთებენ ბუნებრივ აირს დანადგარზე ან არასწორად აერთებენ. გვხვდება კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარებიც.
არაერთი ფაქტი გვქონია ასეთი, როცა დამატებითი წერტილები აქვს მოწყობილი მომხმარებელს, მაგალითად სააბაზანოში აქვს კარმა დამონტაჟებული, რაც ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე დაუშვებელია. ასევე საძინებელში აქვთ ხოლმე გაზის გამათბობელი მოწყობილობა, რაც ასევე დაუშვებელია.
ასეთი აღწერები ტარდება თითქმის ყოველდღიურად და სადაც აღმოვაჩენთ მსგავს დარღვევას, ხდება ბუნებრივი აირის შეწყვეტა.
ვამოწმებთ ქსელის გამართულობას და ეს ვალდებულება კანონით გვაკისრია. გარკვეული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვახორციელებთ შემოწმებას ყველა აბონენტთან.
მაგალითად, როცა ხედავთ, რომ გაზის დანადგარი დგას საძინებელში, ან ისეთ ადგილას, რაც ითვლება დარღვევად, რა ზომებს იღებთ, უბრალოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებით თუ ხდება ამ დარღვევის აღმოფხვრა?
თუ კრიტიკული შეუსაბამობაა, ასეთ შემთხვევაში წყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. თუ გამოსწორებადია, მომხმარებელს ვაძლევთ გონივრულ დროს, რომ ამ ვადაში თავად აღმოფხვრას ეს ტექნიკური შეუსაბამობა.
ეს გონივრული ვადა შეიძლება იყოს 1 დღე, 5 დღე ან ერთი კვირა. ამას სპეციალისტი წყვეტს ადგილზე. თუ კრიტიკული შეუსაბამობაა, ერთადერთი ბერკეტი გვაქვს ის, რომ მრიცხველიდან ჩავკეტოთ ბუნებრივი გაზი.
ყოფილა შემთხვევები, რომ დაგპირდნენ გამოსწორებას, მაგრამ მაინც დაატოვეს იგივე მდგომარეობა?
ხშირ შემთხვევებში ხდება ამის გამოსწორება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეორე ვიზიტის დროს ან არ გიშვებს ბინაში, ან თვითონ ხსნის დანადგარს და როცა სპეციალისტი მიდის, შემდეგ თვითნებურად აერთებს. ამიტომ, ძალიან რთულია ამის კონტროლი.
ისეთი შემთხვევაც გვქონია, როცა მრიცხველიდან ჩაკეტილი ბუნებრივი აირი თვითონვე აღუდგენია მომხმარებელს. გადაწყვიტა პლომბი და ჩართო. ამას კანონმდებლობა სამართალდარღვევად განიხილავს და ადმინისტრაციული წარმოებაც იწყება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
თუნდაც კუსტარულ მონტაჟს რიგითი მომხმარებელი ვერ შეძლებს. ვიღაც ეხმარება ალბათ ამაში აბონენტს. როგორ ფიქრობთ, ისევ თქვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ხომ არ აკეთებენ ამას?
კანონმდებლობის დონეზე გარე ქსელს რასაც ვეძახით, მრიცხველამდე რაც მიდის, არის ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ, ანუ განაწილების ლიცენზიანტის საკუთრება. შიდა ქსელი, არის მომხმარებლის საკუთრება.
შიდა ქსელში ჩაყენებული მონტაჟი, პირველადი ექსპლუატაციაში მიღების დროს ან პირველადი ჩართვის დროს ლიცენზიანტის მიერ მოწმდება და თუკი აკმაყოფილებს იმ წესებს, ნორმებს და ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი, ხდება ბუნებრივი გაზის მიწოდება.
მაგრამ შემდგომში რა შეიძლება განხორციელდეს, ამაზე ყოველდღიურ მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ თითოეულ აბონენტთან. თუმცა, ბუნებრივი გაზის აღდგენას დიდი ტექნიკური ცოდნა არ სჭირდება. მრიცხველზე შეუძლია მოხსნას ლუქი ან გადასწიოს ონკანი და აღადგინოს მიწოდება.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეკავენ მოქალაქეები ცხელ ხაზზე, როცა ამჩნევენ, რომ რაღაც პრობლემა აქვთ გაზთან დაკავშირებით. მომსახურება ხომ არ არის ფასიანი, თუ რას უკავშირდება ეს რომ აგვიხსნათ?
ვფიქრობ, ეს კომპლექსური საკითხია. მარტო მოქალაქეს ან მარტო სახელმწიფოს ვერ დავადანაშაულებთ.
ელექტროდეტექტორებზე მინდა გკითხოთ – მაგალითად, იმ ბინაში რომ ყოფილიყო ელექტრო დეტექტორი, დაიცავდა ამ ოჯახებს ტრაგედიისგან?
კანონმდებლობის დონეზე ამის ვალდებულება არ არის. ვინმეს თუ სურს, შეუძლია დააყენოს. თუმცა კონკრეტული გარემოებები მაინც შესაფასებელია სპეციალისტის მიერ მონტაჟის დროს.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და როგორც ვიცი, თითქმის შემუშავებულია დეტექტორებთან დაკავშირებით საკითხი, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ნაწილში.
დეტექტორებიც არსებობს სხვადასხვა. არის უშუალოდ ბუნებრივი გაზის სუნის აღმომჩენი დეტექტორი და არსებობს ეგრეთ წოდებული CO-ს აღმომჩენი დეტექტორები.
ორი პრინციპი აქ: ერთი ის, რომ სიგნალიზაცია ირთვება ხმამაღლა, როცა დაგროვება ხდება და მეორე ის, რომ თუკი CO დაგროვდა, ავტომატურად გადასცემს ელექტრონულ იმპულსს ეგრეთ წოდებულ სოლენოიდურ ონკანს, რომელიც დამონტაჟებულია მრიცხველზე და წყვეტს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ავტომატურად. ანუ ადამიანის ჩარევის გარეშე თავადვე უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას.
რატომ არ ვიყენებთ ამ მოწყობილობებს, ბაზარზე არ არსებობს თუ რთულია მისი ტექნიკური მონტაჟი?
ბაზარზე ალბათ არსებობს, მაგრამ ამის დამონტაჟება ნებაყოფლობითია.
ადამიანების სიცოცხლე ვერ იქნება ვიღაცის ნებაზე დამოკიდებული. ერთის დაუდევრობამ შესაძლოა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ ვსვამ კითხვებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რას აკეთებს ის ამისთვის?
გეთანხმებით აბსოლუტურად, რადგან დღეს ეს დამოკიდებულია მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე – საკანონმდებლო დონეზე არ აქვთ მოქალაქეებს ვალდებულება დეტექტორები დაამონტაჟონ.
მეც ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ და სრულიად არ ვარ დაზღვეული იმისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ ჩემი მეზობელი. შეიძლება დეტექტორიც მქონდეს დამონტაჟებული, მაგრამ ვინმემ ისეთი რამ მოიმოქმედოს, საკუთარ თავსაც შეუქმნას საფრთხე და სხვებსაც.
ექსპერტულ დონეზე 100%-იანი დაზღვევა არ არსებობს. ტრაგედია ყველგან ხდება, ამას ვერ ავუვლით გვერდს, მაგრამ გაუთვალისწინებელი გარემოებებიც უამრავია.
მაგრამ პრევენციას ხომ უწყობს ხელს?
გეთანხმებით. ამიტომ გითხარით, რომ ახლა მიმდინარეობს ზუსტად მაგაზე მუშაობა.
თუმცა, მანამდე, 16-114-ზე ზარი უფასოა და ყველას შეუძლია დარეკოს რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს გაზგამანაწილებელი ქსელის გამართულობის შემოწმებას და არა გაზდანადგარის შემოწმებას. ვიღაცას გაზქურა თუ აქვს დაზიანებული და შესაცვლელი, ამას ჩვენი სპეციალისტი ვერ გამოცვლის.
მაგრამ იმას ხომ მაინც გააკეთებს, რომ საფრთხე დააფიქსიროს და ზომების მიღება დააჩქაროს?
დიახ, გამოძახება არის უდიდესი პრევენცია. რაღაც სუნი იგრძნო? ან რაღაც შეეეჭვა, ან გაზქურა არ მუშაობს – აუცილებლად უნდა გამოიძახოს სპეციალისტი.
ხშირია ე.წ დაკეტილი ბინებიდან გაზის გაჟონვის შემთხვევები, ასეთ დროს რა რეკომენდაციებს გასცემთ ხოლმე?
ესეც სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია, რადგან თუ ბინის მფლობელი დიდი ხნით გადის ქალაქიდან, მარტივად შეუძლია ონლაინ გამოაგზავნოს განცხადება, დარეკოს ცხელ ხაზზე და თქვას, რომ გადის დიდი ხნით და შევუწყვიტოთ ბუნებრივი გაზის მოწოდება. ჩვენც შევუწყვეტთ მანამდე, სანამ თავად არ მოისურვებს აღდგენას.
ფანჯრების ჰერმეტულობაზეც მინდა გკითხოთ. როგორც მახსოვს, ადრე ამაზეც არსებობდა რეკომენდაცია, რომ სრულად ჰერმეტული კარ-ფანჯრები არ უნდა იყოს საცხოვრებელში, ანუ ფანჯარა უნდა იძლეოდეს მცირედ შეღების შესაძლებლობას, რომ ოთახი იყოს განიავებული. ახალაშენებულ კორპუსებში, ძირითადად ისეთი ფანჯრები მონტაჟდება, რომელიც არ იძლევა ნახევრად შეღების შესაძლებლობას. რას ფიქრობთ ამაზე?
იქ, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, ტერიტორია უნდა ნიავდებოდეს. აუცილებელია სუფთა ჰაერი შემოვიდეს, რადგან რისკი მინიმალურზეა ასეთ შემთხვევაში.
რაც შეეხება კომპანიებს, ვფიქრობ ეს დეტალები პროექტის შედგენისას უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაამონტაჟონ ბინებში მთლიანად ჰერმეტული ფანჯრები. ეს საკითხი საპროექტო დონეზე უნდა გადაწყდეს. ამიტომ საჭიროა კონკრეტული რეგულაციები, რომ უსაფრთხოება ყველა საფეხურზე იყოს დაცული.
ასევე მინდა გკითხოთ სპეციალისტებთან დაკავშირებითაც. თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, გაჟღერდა ასეთი რამ, რომ ხშირად კომპანიებსაც არ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობები, რომ სწორად გაზომონ ადგილზე წნევის მაჩვენებელი, რომ არსებობს პროფესიონალი კადრების პრობლემა და ასე შემდეგ. რას გვეტყვით ამაზე?
მე არ ვიცი, ვინ რომელ კომპანიას გულისხმობს, მაგრამ უშუალოდ „სოკარ ჯორჯია გაზში“ თითქმის ყოველწლიურად ხდება სპეციალისტების გადამზადება. ტექნიკურ აღჭურვილობას რაც შეეხება, გვაქვს ბოლო გამოშვების ხელსაწყოები, გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორები და ჩვენი თითოეული, მათ შორის ავარიული ჯგუფი, ამ ხელსაწყოებით არიან აღჭურვილები სრულად.
ზოგადად თუ ვსაუბრობთ, პროფესიონალთა ნაკლებობა თითქმის ყველა სფეროშია, მაგრამ ვინც გვყავს, ყველა გადის გადამზადებას ყოველწლიურ რეჟიმში, რუტინულად და ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოსაფხვრელად, თითქმის ყველა ხელსაწყო გააჩნია განაწილების ლიცენზიანტს.
ზამთრის დადგომის პარალელურად ბუნებრივი აირის მოხმარება რადგან იზრდება, რა კონკრეტული რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ მოქალაქეებს?
გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და პირველ რიგში, არ დატოვონ ბავშვები გაზქურასთან მარტო ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე გაზდანადგარებთან, გაანიავონ საკუთარი საცხოვრებელი ფართობი გამოსვლის წინ, თუკი დიდხანს ტოვებენ საცხოვრებელ ფართს, დარეკონ კომპანიაში ან განცხადების საფუძველზე შევუწყვეტთ ბუნებრივი გაზის მიწოდებას, თუნდაც მცირედი ეჭვის დროს, დარეკონ 16 114-ზე და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება. ზარი უფასოა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…