"რატომ ითხოვს მერაბი რუსეთის დროშის გატანას - სილა გააწნეს და ამით შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო" - აზიზიანი დაღესტნელებს გამოექომაგა
Gor MMA-ს დამფუძნებელი გორ აზიზიანი მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის კონფლიქტს გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლი გააკრიტიკა. აზიზიანის თქმით, დვალიშვილი რუსეთის დროშის მიმართ გაკეთებული განცხადებებითა და ქცევით თავს ზედმეტის უფლებას აძლევს.

Gor MMA-ს დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი, გორ აზიზიანი მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის კონფლიქტს გამოეხმაურა. მოსკოვში მცხოვრებმა აზიზიანმა მომხდარის მიზეზებზე ისაუბრა, ქართველი მებრძოლი გააკრიტიკა, დაღესტნელებს კი მხარდაჭერა გამოუცხადა:
“რამდენადაც დავინახე, მას ზურგიდან დასარტყმელად არ მიეპარენ. მივიდნენ, შემოატრიალეს და სილა გააწნეს. ამით შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო. ახლა შერიგებაზე საუბრობენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ (უკვე გაათავისუფლეს და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გააძევეს - რედ), მაგრამ ხალხი ხომ ამ სიტუაციაში თავდაპირველი კონფლიქტის გამო აღმოჩნდა. მაშინ მერაბი სხვანაირად რომ მოქცეულიყო, შემდგომ მოვლენებს ადგილი არ ექნებოდა.
მე ამას ეთნიკურ კონფლიქტად არ ვთვლი. ეს ორი ადამიანის თუ ორი ოჯახის კონფლიქტია. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, აგრეთვე ქართველი მოსწავლეები, ხშირად ჩავდივარ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ მაქვს. ჩემი აზრით, სიტუაციას ხელოვნურად ანიჭებენ ეთნიკურ ელფერს, რათა ყურადღება გადაიტანონ იმ კონკრეტული ქმედებების განხილვიდან, რომლებიც რეალურად მოხდა.
მეკითხებიან: „თუ მერაბს ნახავ, ამას პირადად ეტყვი?“ რა თქმა უნდა, ვეტყვი. ვკითხავ, რატომ საუბრობს რუსეთის დროშასა და ქვეყანაზე. ის სპორტსმენია და რატომ აძლევს თავის თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას. არც UFC-ს საჩემპიონო ქამარი, არც სხვა რაიმე სტატუსი არ აძლევს ამის უფლებას.
ჩემი პოზიციის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარებში დედაჩემის, მამის, ოჯახის, ცოცხლებისა და მკვდრების შეურაცხყოფა დავინახე. მიკვირს ვინ აღზარდა ეს ხალხი. ჩემთვის ადამიანი, რომელიც მთიელი ხალხის ტრადიციებზე საუბრობს და ფაფახს ატარებს, პირველ რიგში საკუთარ საქციელს უნდა აკვირდებოდეს: შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს მშობლებს და არ უნდა შეეხოს უცხო ქვეყანას.
მგონია, მერაბი ურთიერთობის ამერიკულ მანერას ითვისებს, მათ შორის გამონათქვამებს, რომლებსაც ფილმებში ისმენს. თუმცა, არ შეიძლება ამის იმ ადამიანებთან ურთიერთობისას ლაპარაკი, რომლებისთვისაც მსგავს სიტყვებს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
მერაბი თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. საქმე მხოლოდ პირად შეურაცხყოფებსა თუ ფიზიკურ დაპირისპირებებში არ არის. როდესაც ის ამბობს: „გაათრიეთ ეგ დროშა, აქ რუსეთი რატომ არის?“ - ეს ჩვენ ყველას გვეხება. მე და ჩემი გუნდი ამ დროშით გამოვდივართ. არ არის საჭირო, რომ ეს გადაიქცეს დაღესტანსა და საქართველოს, ან რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირებად.
მგონია, ეს კონკრეტული ადამიანის პრობლემაა, რომელიც თავის ნათქვამს ვერ აკონტროლებს, შემდეგ კი რეაქციით გაკვირვებულია. გსმენიათ ოდესმე, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს, ან რომელიმე რუს სპორტსმენს სხვა ქვეყნის დროშის გატანა მოეთხოვოს? შეიძლება ჩვენც ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ ამის უფლებას თავს არ ვაძლევთ. ამის ემოციებით ახსნა არ გამოდგება. დაუშვებელია კავკასიაში ვინმეს დედის შეურაცხყოფა, მერე იმის თქმა, რომ გაცხარდა და საკითხი დასრულებულია. სხვებსაც გააჩნია ემოციები და მათი რექაციისთვის მზად უნდა იყო“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…