"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
დაღესტნელმა მოჭიდავე ახმედ გაჯიმაგომედოვმა სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა დედის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს. გაჯიმაგომედოვის თქმით, დვალიშვილის ქმედებები კავკასიურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა, დაღესტნელმა ახმედ გაჯიმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან თავდამსხმელ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა განვმარტო ის ვითარება, რაც საქართველოში მოხდა. პრესკონფერენციაზე მერაბთან ავედი სალაპარაკოდ და სიტყვა "ძმათი" დავიწყე, მაგრამ მან დამარტყა და ჩემს დედას ქართულად შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით გადამითარგმნეს, რაც მითხრა. ამ სიტყვების გამო ბოდიში არ მოუხდია, ასეთ რამეს კი არავის ვპატიობ!
ამის შემდეგ ლიფტში შევხვდით, სადაც დაცვის უკან მდგომი თამამად ლაპარაკობდა. ვუთხარი: „ჩვენ შენთან ჯერ არ დაგვისრულებია“. ეს მის ძმას ესმოდა, რომელიც მასთან ერთად იყო. ვინც ამბობს, რომ ბინძური სიტყვები ვაპატიე, უსმანი კი უნამუსოდ იქცეოდა, ეს მერაბის ფანების მოგონილი სიცრუეა! ვიცი რა საქართველოში მერაბის პოპულარობა, სიტუაციის გამწვავებისგან თავი შევიკავე, არავითარი ვიდეო არ ჩამიწერია და ინტერვიუს თავს ვარიდებდი, რათა ეთნიკური კონფლიქტისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ დღეს მერაბის მხარე ყველა ზღვარს სცდება და მისგან გმირს ქმნის. ამ მიზეზიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლი საკუთარი აზრი გამოვთქვა.
იმ დღიდან მოყოლებული, ვეძებდი შესაძლებლობას, მენახა მერაბი და პასუხი მომეთხოვა მისთვის ნათქვამი სიტყვების გამო, თუმცა ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ოჯახის შეურაცხყოფისათვის ნებისმიერი კაცი გააკეთებდა. მე მესმის, რომ ის უკვე დიდი ხანია არ არის ქართველი, მისთვის უცხოა კავკასიის ხალხთა მამაკაცური პრინციპები და ტრადიციები, მაგრამ კავკასიაში მცხოვრებმა ქართველებმა ეს შესანიშნავად იციან.
თუ ასე ძალიან გსურთ მისი დაცვა, მაშინ არ დაგავიწყდეთ იმის ახსნა, რას ნიშნავს კავკასიაში „სტუმრისა“ და „დედის“ ცნებები და რა ბედი ეწევათ მათ, ვინც სხვის ღირსებას შელახავს. ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ, მას კი მხოლოდ რამდენჯერმე წამოარტყეს კეფაში.
დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ საქართველოსა და ქართველ ხალხს. მერაბი არ არის საქართველო - ისევე, როგორც ახმედი, უსმანი და უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ მთელი ერების მოწამლვა. ეს ჩვენს შორის არსებული კონფლიქტია და ადრე თუ გვიან, ჩვენ მას მოვაგვარებთ“, - დაწერა გაჯიმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…