ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლე ნადარაიას: ბოდიში უნდა მომიხადოთ, რას ჰქვია გეჩრებით?
საკონსტიტუციო სასამართლოში 2008 წლის ომსა და ევროსაბჭოს რეზოლუციაზე კითხვების დასმისას მოსამართლე რევაზ ნადარაიასა და ზაზა ბიბილაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსამართლემ ის გაძევებაზე გააფრთხილა, ბიბილაშვილმა კი ნადარაიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობა" უსვამს კითხვებს "ქართულ ოცნებას". ტრიბუნასთან დგას ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც მოსარჩელე მხარეს 2008 წლის ომზე ეკითხება.
ზაზა ბიბილაშვილმა იკითხა - მიიჩნევს თუ არა "ოცნება" სახელმწიფოს ღალატად ევროსაბჭოს რეზოლუციაზე იმ პუნქტებზე ხელმოწერას, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იყო სასარგებლო და რომლითაც რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტი.
ამ კითხვას უპასუხა არჩილ გორდულაძემ, რის შემდეგაც სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო- საქმეში ჩაერთო მოსამართლე რევაზ ნადარაია, რომელმაც ბიბილაშვილს გაძევებაზე მიუთითა და უთხრა, რომ აღნიშნულისგან ამ ეტაპს თავ იკავებს.
ნადარაიას ბიბილაშვილს ასევე უთხრა, რომ "სიტყვაში ეჩრება", რის შემდეგად ენმ-ს წევრმა მოსამართლისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ზაზა ბიბილაშვილი: ამ რეზოლუციამ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მისი ვალდებულებები, შეეცადა რა სამხედრო გზით საკუთარი გავლენის გავრცელება განეხორციელებინა სხვა სახელმწიფოზე. ამ რეზოლუციამ დაგმო ოკუპირებული ტერიტორიის, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ. ამ რეზოლუციამ მოითხოვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ამ რეზოლუციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა და მისმა კონტროლირებულმა ძალებმა განახორციელეს ეთნოწმენდა ცხინვალის რეგიონში, რომელიც გაგრძელდა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგაც. მე მაქვს კითხვა, მიიჩნევს თუ არა მხარე, რომ აი, ამ რეზოლუციისთვის, დოკუმენტისთვის მხარის დაჭერა იყო ან შეცდომა ან სახელმწიფო ინტერესების ღალატი?
არჩილ გორდულაძე: ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ეს სამართლებრივად დადასტურებულია, ბატონო ზაზა. ეს 16-33-ე რეზოლუციით კი არა, დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ ფაქტებზე ვსაუბრობთ და ბატონი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ 16-33 რეზოლუციით ეს ფაქტებია და ფაქტების დამდგენი არის — ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, წაიკითხეთ მეხუთე პუნქტი, რას ამბობთ ახლა თქვენც, რას ამბობთ ახლა თქვენ, რომ, აი, მაგალითად, რაც არის მითითებული მეხუთე პუნქტში: „თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლობის დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედების საფეხურზე გადავიდა.“ ამაზე რა ფაქტია, ბატონო ზაზა? ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამას ამბობს?
ზაზა ბიბილაშვილი: ამას მე კი არა თქვენ ამბობთ.
არჩილ გორდულაძე: ბატონო ზაზა, თქვენი განცხადებით, ამბობთ, რომ ეს არის ფაქტები.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: რაც თქვენ არ მოგწონთ... ეხლა უკვე თქვენ აკეთებთ. თუ ჩაკითხვა გექნებათ ჩაეკითხეთ.
არჩილ გორდულაძე: თუ 16-33 რეზოლუცია ფაქტებს ადგენს, მაშინ გამოდის, რომ ესეც დადგენილი ფაქტია? ამას ამტკიცებს მხარე?
ზაზა ბიბილაშვილი: როდესაც მსგავს ვითარებაში არის რომელიმე მოპასუხე, თქვენ ყოველთვის მას ეუბნებით, რომ არ მაინტერესებს აი სხვა ფაქტი, რაზეც დაგისვამს კონკრეტულად კითხვა, იმაზე უპასუხე. მე ჩამოვთვალე ის საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხები, რომელიც განისაზღვრა ამ რეზოლუციით — ფაქტები კი არა, რომელიც გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, ადგენს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არ მინდა ეხლა ცუდი სიტყვები, მარა ერთი წამი, ანუ სხვა იმაში, რომ სხვა რაღაცაზე ლაპარაკობ და ჩემს კითხვაზე არ სცემს პასუხს.
მოსამართლე ნადარაია: ვფიქრობ, რომ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი არის ბატონი ზაზა ბიბილაშვილისაგან ეხლა თქმა იმისა, რომ რეზოლუციაზე დაისვა საკითხი და რეზოლუციიდან გამომდინარე პასუხობენ და ბატონი ზაზა აყენებს პროტესტს, რომ სხვა თემას აცდა მოსარჩელეს.
ბატონო ზაზა, კატეგორიულად გაფრთხილებთ. აი ასეთი ტიპის სპეკულაციები რომ არ იყოს, ამიტომ ვარიდებ ამ ეტაპზე თავს თქვენს გაძევებას. ეხლა რა დავარქვათ თქვენს აქციას? მე ვლაპარაკობ და თქვენ რა უფლებით მეჭრებით?
ზაზა ბიბილაშვილი: მაგ სიტყვებს ჩემთან ნუ იყენებთ.
მოსამართლე ნადარაია: არა, ძალიან კარგად გამოვიყენებ.
ზაზა ბიბილაშვილი: თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ, რას ჰქვია გეჩრებით, არავის არ ვეჩრები.
მოსამართლე ნადარაია: საუბარში ჩაჭრა და ეხლა უკვე ბოდიშს მოგიხდით კი არა, კიდევ ერთხელ გასაგები მიზეზების გამო, რომ სპეკულაციური არ გახდეს თქვენი გაძევება, ამიტომ ვიკავებ თავს, მაგრამ ეს თავშეკავება არ იქნება ბოლომდე. თანასწორობის პრინციპი ის არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ უპირატესი და თქვენ უნდა მოგერგოთ სასამართლო. არა, თანასწორობის პრინციპი არის, რომ ყველა ბრძანდებით თანაბარნი.
ზაზა ბიბილაშვილი: თანაბარი რომ ვიყოთ, დაგპატიჟებდით სულ 30 წლის თავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…