2008 წლის რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა შეიძლება მხოლოდ რუსეთს აწყობდეს – ბიბილაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2008 წლის ომის რეზოლუციის პუნქტებზე დასვა კითხვები, რაზეც ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა მხოლოდ რუსეთს აწყობს.

დღეს, 18 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრებმა 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე დასვეს კითხვები.
კერძოდ, მათ იკითხეს, სადავო პუნქტების გამო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით წინა ხელისუფლებამ აღიარა თუ დაიბრალა, კონფლიქტის ესკალაცია და არაპროპორციული ძალის გამოყენება?
პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ასე წაკითხვა და მხოლოდ ამ პუნქტების ამორჩევა, მხოლოდ რუსეთს შეიძლება აწყობდეს.
რა იკითხა „ქართულმა ოცნებამ“
2008 წლის რეზოლუციის შესახებ კითხვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ დასვა.
მან მოიყვანა რეზოლუციის ორი სადავო პუნქტი – მე-5 და მე-11 პუნქტი და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰკითხა, მათმა ხელისუფლებამ ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ის ქმედებები, რაც ამ პუნქტებშია აღწერილი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი:
პუნქტი 5. „თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღიად და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოებას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიების ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.“
პუნქტი 11. „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.“
„ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერით ნაციონალურ მოძრაობამ… თქვენ ჩაიდინეთ ეს ქმედებები, რაც არის აღნიშნული მე-5 და მე-11 პუნქტებში და აღიარეთ, თუ არ ჩაგიდენიათ და დაიბრალეთ?
აქვე სასამართლოსთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით დადასტურებული არის რუსეთის ქმედებები და ადამიანის უფლებების დარღვევები და ამავდროულად ქართველი ჯარისკაცებისათვის კითხვის ნიშანიც კი არ არსებობს იმისა, რომ მათ შეიძლება ჩაედინათ ომის დანაშაული. აი, ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინეთ ეს ქმედება და აღიარეთ, თუ არ ჩაგიდენიათ და დაიბრალეთ?“ – იკითხა არჩილ გორდულაძემ.
„ამგვარი წაკითხვა შეიძლება მხოლოდ რუსეთს“
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მაშინდელი საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაქსიმუმის გაკეთება შეძლო.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ამ რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე მძიმეწონოსანი წევრები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რუსეთს მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს აღიარება და გაიყვანოს აქედან თავისი ჯარი.
მისი თქმით, ამ რეზოლუციამ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დაადგინა, რომ არანაირი შუამავალი რუსეთი არ არის და რომ ის ოკუპანტი და აგრესორია.
ბიბილაშვილის თქმით, რუსეთს იმდენად არ აწყობდა ამ რეზოლუციის მიღება, რომ დარბაზიდან გავიდა და შესაბამისად ეს რეზოლუცია საქართველოს ინტერესებში იყო.
„ჩვენ გავიტანეთ მაქსიმუმი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად, აგრესორის აგრესორად მოსახსენიებლად, ოკუპანტის ოკუპანტად მოსახსენიებლად, იმის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი დევნილები, ასობით ათასი დევნილი, დაბრუნდეს სახლებში.
თან ეს რომელი წელია? 2008 წელია, ხომ? 2008 წელი რა რეალობაა? — ის რეალობა, როდესაც აი ამ ხალხის ნაწილი, რომელმაც ამას ხმა მისცა, ევროპელებზე მაქვს საუბარი, ბევრზე სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, კეკლუც როლშია რუსეთთან დაკავშირებით, ხომ? ჯერ ის დროა, როცა რუსეთთან ეს „რესეტი“ და „რესტარტი“ განიხილება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის საერთაშორისო კონიუნქტურა მაინცდამაინც მომგებიანი არ არის. ამ ვითარებაში საქართველომ მიიღო ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის სამაგიდო უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში, რუსეთისთვის მისი სახელი დარქმევის ნაწილში, ხომ?
ახლა რას გვედავებიან ჩვენ, რომ 120%-იანი შედეგი არ დავდეთ და მხოლოდ 99%-იანი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა შეჭრა, ჯერ 2014 წელს და შემდეგ უკვე 2022 წელს, საერთაშორისო თანამეგობრობაში არა მხოლოდ ეჭვი აღარ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებულ პოზიციაზე იდგა ამ დროს, ჩათვალეთ, მარგინალიზებულია, ვინაიდან მათი სუსტი თუ არაერთგვაროვანი პოზიცია მიჩნეული არის იმის მიზეზად, რომ რუსეთმა ამდენი გაბედა. გაბედა შემდგომ წლებში.
დღესდღეობით ამ რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა შეიძლება აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს. არ არსებობს ქართული პოლიტიკური კონტექსტი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი, რომლისთვის განმსაზღვრელი არის ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთისთვის აგრესორისა და ოკუპანტის დაძახება, შესაბამისად დეოკუპაციის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, არ არსებობს ის კონტექსტი, რომლისთვისაც ეს რეზოლუცია იქნება მიუღებელი.
მოხერხება უნდა იმას, შერჩევითობაც არ ჰქვია, რომ ამოიღო ის ერთი მუხლი, რომელიც დიახაც იყო კომპრომისული იმისთვის, რომ ეს ეს ყველაფერი დანარჩენი მიღებულიყო.
ახლა, თუ თქვენ მეტყვით, რომ აქედან რომელიმე მუხლი არათუ არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ სამაგალითო არ არის ქართული დიპლომატიისთვის, განსხვავებით დღევანდელისგან, როდესაც ხან აშხაბადში დავდივართ და ხან ბურუნდიში, ხომ? — აი, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ასე გვედგნენ მხარში მაშინ, როდესაც ძალიან არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარება იყო. იმიტომ კი არ გვედგნენ, რომ ლამაზი თვალები გვაქვს და კაი ბუნება და კაი ხაჭაპური — იმიტომ, რომ ქართული დიპლომატია მუშაობდა სამაგალითო დონეზე. და იცით, ვინ იყო ამის წინააღმდეგი? ამაზეც მოგახსენებთ, როცა ამის დრო მოვა“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
საქართველოს მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით „ოცნების“ წარმომადგენლის კითხვას უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
„კასეტური ბომბების კონვენციის ნაწილი საქართველო არ იყო, რუსეთი იყო და მან გვესროლა პირველმა. მერე ჩვენ ვუპასუხეთ. კასეტური ბომბებით ვუპასუხეთ-მეთქი არ მითქვამს. გვესროლეს კასეტური ბომბები და ჩვენ ვუპასუხეთ, კასეტური ბომბებით კი არა, სროლას ვუპასუხეთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.
მხარეებისადმი მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, განხილვა მხარეების მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით დაიწყო.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…