ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში: „ქუჩური გარჩევა ხომ არ არის - აღიარებთ თუ არ აღიარებთ?“
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა, პროცესზე მყოფ ოთხივე ოპოზიციურ პარტიას პროვოკაციული კითხვით მიმართა და ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარება მოსთხოვა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მარტივი მახე და „ქუჩური გარჩევა“ უწოდა. ბიბილაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპონირების საკითხი კვაზისამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს და ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს.
„ბოდიში, მაგრამ ეს კითხვა ცოტა მარტივი მახეა, თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: „აი, ხომ გვაღიარეთ“, თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეშიო. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის - „აღიარებთ - არ აღიარებთ“?! სწორედ ამ არჩევანს უტოვებს მხარე იმ საზოგადოებას, რომელიც მათ პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. კანონის დარღვევით შექმნილ კომისიაზე ვინც მივიდა, უთხრეს, გვაღიარეთო, ვინც არ მივიდა - დაიჭირეს. რანაირად არის ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი?!“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილმა სხდომაზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „კენგურუს მართლმსაჯულებაზე“ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპრემიერიც კი საუბრობენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ გამოსვლამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას შენიშვნა გამოიწვია. მოსამართლემ ბიბილაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა და პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:
რევაზ ნადარაია: „პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანთ. თუ პასუხის გაცემა არ გნებავთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რაც ბრძანეთ, გასაგებია და დაბრძანდით“.
ზაზა ბიბილაშვილი: „მე მგონია, რომ თქვენი ახლანდელი კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს. საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ პასუხის გაცემა არ მნებავს, როდესაც პასუხი უკვე გავეცი?!“
რევაზ ნადარაია: „გასაგებია, სასამართლო იღებს თქვენს პასუხს, მაგრამ შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“.
ზაზა ბიბილაშვილი: „ეს უკვე ღია კარის მტვრევაა - რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო, უკვე ვიცით“.
დაპირისპირების გამწვავების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
თქვენ უკვე ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი. ცდილობთ, რომ ჩაშალოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. თქვენს პროფესიონალიზმს დესტრუქციით ვერ დაამტკიცებთ. არ სცემთ პასუხს კითხვას და აპელირებთ საზოგადოებაზე“, — მიმართა ნადარაიამ ბიბილაშვილს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიახელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით თორნიკე ჭეიშვილის კითხვა ზაზა ბიბილაშვილმა „ქუჩურ გარჩევას“ შეადარა, რაზეც მოსამართლემ მოუწოდა, რომ თუ პასუხი არ სურს, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანს, რასაც ბიბილაშვილმა უპასუხა: „ეს უკვე მიკერძოებული პოზიციაა“
კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა – ბიბილაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…