რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს - ყველაფერს აკეთებთ პროვოკაციულად - მერე იქნება სპეკულაცია, რომ დიდი პროფესიონალი იქნა გაძევებული და არ მინდა ეს
საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსამართლემ ბიბილაშვილი პროვოკაციულ ქცევაში დაადანაშაულა და გაძევებით დაემუქრა, რაზეც ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე კითხვას თავს არიდებდა.

ბატონო ზაზა, თქვენი გაძევება მომიწევს. რაც თქვენ არ მოგწონდათ, ახლა უკვე თქვენ აკეთებთ. თუ ჩაკითხვა გექნებათ, ჩაეკითხეთ. მესმის საკითხის უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ემოციურად ფონი დავწიოთ, თითქოს დაძაბულობა შემოაქვს,- ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ზაზა ბიბილაშვილს, რომელსაც პროტესტი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის რეზოლუციაზე მის მიერ დასმულ კითხვას მოსარჩელე მხარე სხვა კონტექსტში პასუხობდა.
თავის მხრივ, როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, მისი პროტესტი სწორედ მოპასუხე მხარის პასუხის შინაარსმა გამოიწვია.
„პროტესტი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მსგავს ვითარებაში არის რომელიმე მოპასუხე, თქვენ ყოველთვის მას ეუბნებით, რომ არ მაინტერესებს სხვა ფაქტი, რაც დაგისვეს კონკრეტულად კითხვა, იმაზე უპასუხეთ. მე ჩამოვთვალე საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხები, რომელიც განისაზღვრა ამ რეზოლუციით. რომელიც გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას ამ საკითხებზე, რომელიც გამოხატავს და ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ადგენს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჩემს კითხვაზე არ სცემს პასუხს“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილის ამ განცხადებას ნადარაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მსგავსი საკითხის პროტესტი არის „ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი“.
„ანუ სხვა რამ ჰკითხეთ და სხვა რამეს გპასუხობთ? ვფიქრობ, რომ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი არის ზაზა ბიბილაშვილისგან თქმა იმის, ბატონი ზაზა აყენებს პროტესტს, რომ მოსარჩელე მხარე ასცდა თემას. ბატონო ზაზა, კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ მინდა რომ სხვანაირად იქნას აღქმული. ასეთი ტიპის სპეკულაციები რომ არ იყოს, ამიტომ ვარიდებ ამ ეტაპზე თავს თქვენს გაძევებას“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
თავის მხრივ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სთხოვა საკითხის დაზუსტება, რაზეც ნადარაიამ უპასუხა, რომ „საუბარში არ უნდა ჩასჩროდა“.
„რა დავარქვა თქვენს საქციელს? მე ვლაპარაკობ და თქვენ რა უფლებით მეჩრებით? რა უფლებით მაწყვეტინებთ?“,- აღნიშნა ნადარაიამ, რაზეც ბიბილაშვილმა მიმართა, რომ მსგავსი სიტყვები მისი მისამართით არ უნდა გამოეყენებინა.
„ძალიან გთხოვთ, მაგ სიტყვებს ჩემთან ნუ იყენებთ. მგონი ბოდიში უნდა მომიხადოთ, რას ჰქვია მეჩრებით? - არავის ვეჩრები“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილს კვლავ უპასუხა მოსამართლემ და აღნიშნა, რომ მის გაძევებისგან თავს იკავებს, თუმცა ეს არ იქნება უსასრულოდ.
„საუბარი შემაწყვეტინეთ და ეს არის საუბარში ჩაჭრა და ახლა უკვე ბოდიშს მოგიხდით კი არა... კიდევ ერთხელ გასაგები მიზეზები გამო, სპეკულაციური არ გახდეს თქვენი გაძევება ამიტომ ვიკავებ თავს, მაგრამ ეს თავშეკავება არ იქნება უსასრულო.
გამაწყვეტინეთ აზრი და გავაგრძელებ - საუბარი იმის თაობაზე თქვენი მხრიდან, რომ მხარე ასცდა რეზოლუციის თემას, არის ცინიზმის მწვერვალი. როდესაც თქვენ მუდმივად სასამართლოს მითითების მოთხოვნის ქვეშ იყავით, რომ თემის ირგვლივ გეტრიალათ, ხან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდით და ა.შ. მსგავსი ტიპის პრეტენზია, ინტერვენცია არ დასჭირვებია არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არც არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არ დასჭირვებია ისეთი ტიპის შენიშვნები, რაც გჭირდებათ თქვენ. აქედან გამომდინარე, ამ პროტესტს ვერ მივიღებ. თანასწორობის პრინციპი არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ უპირატესი, თქვენ უნდა მოგერგოთ სასამართლო, თანასწორობის პრინციპია, რომ ყველა ბრძანდებით თანაბარი“,- განაცხადა ნადარაიამ, რასაც ბიბილაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „თანაბარი რომ ვიყოთ, დაგვპატიჟებდით [საკონსტიტუციო სასამართლოს] 30 წლისთავზე“.
ბიბილაშვილის ამ რეპლიკაზე მოსამართლემ კიდევ აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არის სპეკულაციური.
„ყველაფერს აკეთებთ პროვოკაციულად. მერე იქნება სპეკულაცია, რომ დიდი პროფესიონალი იქნა გაძევებული და არ მინდა ეს“,- განაცხადა ნადარაიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაარ ვაუქმებთ [პარტიებს]! ვიხილავთ, შედეგი რა იქნება, დაელოდეთ – ნადარაია
ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“
ნადარაია ბიბილაშვილს: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო
რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…