ინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმით რეანიმაციაშია, ხოლო დედას მსუბუქი შერყევა აქვს, განაცხადა ანი დალაქიშვილმა. ამასთან, 7 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი, დედა და 11 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი განმარტავს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ჩვენთან ორი დაზარალებული, დედა-შვილია შემოსული - 38 წლის ქალი და 11 წლის ბიჭი. ბავშვს ქალა-ტვინის, გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა. რაც შეეხება დედას, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, სტაბილურად არის და რამდენიმე საათში ბინაზე გაეწერება. ბავშვის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ამიტომ მოვათავსეთ რეანიმაციულ დეპარტამენტში“, - განაცხადა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…