სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გერმანიის საელჩოში - მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტს გარე ძალებისგან ინსტრუქციების მიღებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი შეხვედრის დეტალებზე დუმს
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ გარე ძალებისგან ინსტრუქციების მიღებაში ადანაშაულებს. შეხვედრის დეტალებს არც ზურაბიშვილი აკონკრეტებს და ოპოზიციაც დუმს.
ნაცნობი სტუმრის უცნობი მიზანი დღის ბოლოს ნაწილობრივ გაცხადდა - სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლოს სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა, თუმცა არ დააკონკრეტა რაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტმა ახლად არჩეულ ელჩთან.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში დღის პირველ ნახევარში გამოჩნდა, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, საელჩომ ექსპრეზიდენტი ეზოდან ავტომანქანით გაიყვანა. ვის შეხვდა და რატომ - კონკრეტული მიზნის გასარკვევად "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას ოფიციალური წერილიც მიწერა, თუმცა კითხვებზე პასუხები არც დიპლომატიური უწყებისგან მიგვიღია და არც მისი სტუმრისგან. კითხვას, რომელსაც ზურაბიშვილი კონკრეტულად არ პასუხობს, პასუხობენ მმართველ გუნდში. საელჩოში გასაიდუმლოებული ვიზიტი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე ძალებისგან ახალი ინსტრუქცია მიიღო.
საიდუმლო შეხვედრის საიდუმლო დეტალებზე არც ოპოზიცია საუბრობს. ერთ დროს მათ მოკავშირესა და პირად ლიდერზე, დღეს კომენტარის გაკეთება არ სურთ.
რატომ არ აკონკრეტებს ზურაბიშვილი დეტალებს, თუკი შეხვედრის შინაარსი დასამალი არ არის - კითხვას "ქართულ ოცნებაში" სვამენ და ოპონენტების სტრატეგიაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ოპოზიცია არა ქართველი ხალხის, არამედ გარე ძალების დავალებებით მოქმედებს.
ზურაბიშვილის შეხვედრა გერმანიის საელჩოში გამონაკლისი არ არის. ოპოზიციის საიდუმლო ვიზიტები ელჩებთან, ბოლო პერიოდში ბევრი და ბევრჯერ იყო. მმართველი გუნდის შეფასებით, დახურულ კარს მიღმა, სხვადასხვა საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - გარე ძალებისგან ახალი ინსტრუქციებისა და დავალებების მიღებას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…