„ოცნება“ ოპოზიციას: დათმობდით აფხაზეთს EU-ს ან ნატოს წევრობის სანაცვლოდ?
სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ჰკითხა, დათმობდა თუ არა აფხაზეთს EU-სა თუ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვას პროვოკაციული უწოდეს და ტერიტორიული მთლიანობის დათმობა კატეგორიულად გამორიცხეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციას ასევე ჰკითხეს, მიაჩნიათ თუ არა მოქმედი პარლამენტი დემოკრატიულად არჩეულად, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ითხოვენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას.
მოსარჩელეებმა ოპოზიციას ჰკითხეს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ რეზოლუციასა და 2024 წლის არჩევნების წინ გაფორმებულ დეკლარაციაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სხდომის დასაწყისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციონერების საჯარო განცხადებების წაკითხვა ითხოვა. მათი ნაწილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას ეხებოდა, ნაწილი კი - საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და მათში მონაწილეობას, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციას.
ოპოზიციის წარმომადგენლებს გორდულაძის მიერ მოყვანილ განცხადებებზე პასუხის გაცემა სურდათ. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მათ მოუწოდა, პოზიცია დასკვნით სიტყვაში გამოეთქვათ.
პარტიების აკრძალვა და პარლამენტის ლეგიტიმურობა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, რა შემთხვევაში მიაჩნიათ დასაშვებად პარტიის აკრძალვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პასუხად კონსტიტუციით განსაზღვრულ საფუძვლებზე მიუთითეს, ასევე აღნიშნეს, რომ აკრძალვა საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
თორნიკე ჭეიშვილმა იკითხა, ჰყავს თუ არა საქართველოს დემოკრატიული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და კონსტიტუციური წესით არჩეული პრეზიდენტი. კითხვა შეეხებოდა მთავრობისა და სასამართლოების ფორმირების წესსაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა შეკითხვას პოლიტიკური უწოდა და მასში „მარტივი მახე“ დაინახა. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას მან გაიხსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სიტყვები „კენგურუს მართლმსაჯულებაზე“. ნადარაიამ ბიბილაშვილს მოუწოდა, მსჯელობა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაეტანა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ პარლამენტსა და მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ჭეიშვილი და კახიანი მას ყაველაშვილის მიერ დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ჩაეკითხნენ. გვარამიამ უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს. მან მაგალითად ყაველაშვილის მიერ პატიმრების შეწყალება მოიყვანა. მისი თქმით, ყაველაშვილის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიერ შეწყალებული პატიმრები ციხეში უნდა დაბრუნდნენ.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დარღვევებით ჩატარებულად მიიჩნევს. მან ერთმანეთისგან გამიჯნა პოლიტიკური ლეგიტიმურობა და სახელმწიფო ორგანოების ფორმირების სამართლებრივი პროცედურები.
სალომე ზურაბიშვილი და იმპიჩმენტი
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა მოპასუხეებს ჰკითხა, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი.
ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაშინდელი ხელმძღვანელების „პრინციპული არჩევანი“ იყო.

2018 წელი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერი
ფორმალურ და პოლიტიკურ ლეგიტიმურობას შორის განსხვავებაზე საუბრისას მან საფრანგეთში ვიშის რეჟიმის მაგალითი მოიყვანა. კამათის შემდეგ ნადარაიამ მას მოუწოდა, შეკითხვებს „პროვოკაციულად“ არ უპასუხოს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ თქვა, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის გარკვეულ ეტაპზე ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა იყო და ეს მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას დაუკავშირა. გიორგი სიორიძემ და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა კი უპასუხეს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო.
შარმანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ისიც ჰკითხა, დაარღვია თუ არა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს შეკითხვა პარტიების საქმიანობას არ ეხებოდა. გვარამიამ თქვა, რომ მისი კოალიცია სალომე ზურაბიშვილის „მემატიანე არ არის“. ბუჩუკურმა გაიხსენა, რომ მისმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
სანქციები და საპროტესტო აქციები
გიორგი კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, კვლავ ითხოვენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას. ბიბილაშვილმა მოსარჩელეს სთხოვა, დაეზუსტებინა, რომელ სანქციებს გულისხმობდა. მისი თქმით, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს. პასუხის გაცემისას ნადარაიამ მას არაკონსტრუქციულ ქცევაზე მიუთითა.
ანა წითლიძემ თქვა, რომ მხარს უჭერენ იმ პირების სანქცირებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობენ. ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული სანქციის შესაფასებლად უნდა იცოდნენ, ვის და რის გამო დაუწესეს ის.
„არასოდეს ჩვენ სექტორული სანქციის დაწესება საქართველოსთან დაკავშირებით არ მოგვითხოვია“, - თქვა გიგა ლემონჯავამ.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, სანქციებზე პარტიის პოზიცია მისი აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება.
ლემონჯავას პასუხის დროს არჩილ გორდულაძე კამათში ადგილიდან ჩაერთო და მიხეილ სააკაშვილი ახსენა.
„ქუჩაში არა ვართ“, - თქვა ნადარაიამ. მან გორდულაძეს ადგილიდან რეპლიკისთვის შენიშვნა მისცა, ლემონჯავა კი გააფრთხილა, რომ შეურაცხყოფის განმეორების შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებდა.
თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციას ჰკითხა, ინანიებენ თუ არა მონაწილეობას 2023 და 2024 წლების აქციებსა და 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებში, რომლებსაც მან „ძალადობრივი და რევოლუციური პროცესები“ უწოდა. პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ მისი პარტიის მიმართ შეკითხვის მოხსნა მოითხოვა. ბეჟაშვილმა კი თქვა, რომ შეკითხვა უკვე შეიცავდა მოსარჩელის შეფასებას. კამათის შემდეგ ჭეიშვილმა კითხვა შეცვალა და მოპასუხეებს ჰკითხა, ემიჯნებიან თუ არა ძალადობას და გმობენ თუ არა მას.
ანა წითლიძემ უპასუხა, რომ ევროპული საქართველოსთვის ბრძოლას არ მოინანიებენ.
2008 წლის ომის რეზოლუცია
არჩილ გორდულაძემ ოპოზიციას ჰკითხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა. გორდულაძემ გამოყო მე-5 და მე-11 პუნქტები, რომლებშიც საუბარია ქართული მხარის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ორივე მხარის შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებაზე. მან მოპასუხეებს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა რეზოლუციის მხარდაჭერა ქართული მხარის პასუხისმგებლობის აღიარებას.
„აქედან მოდის ის, რომ რუსეთი ოკუპანტია“, - უპასუხა ზაზა ბიბილაშვილმა და თქვა, რომ დოკუმენტი რუსეთის დელეგაციისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მისმა წევრებმა დარბაზი დატოვეს. ანა წითლიძის თქმით, რეზოლუციის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა.
პასუხებს კამათი მოჰყვა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაცია კომიტეტში განხილვისას მე-5 პუნქტის ფორმულირებას შეეწინააღმდეგა, თუმცა საბოლოოდ კენჭი მთელ დოკუმენტს ეყრებოდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მას უთხრა, რომ კომიტეტში განხილვის ის დეტალი, რომელზეც საუბრობდა, ღია წყაროებში არ ჩანდა.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო რეზოლუციაში რუსეთის აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ჯარების გაყვანის საკითხების ასახვა.
გიორგი სიორიძემ იკითხა, რა კავშირი ჰქონდა მისი პარტიის საქმიანობასთან წლების წინ საქართველოს დელეგაციის მიერ მიცემულ ხმას.
გორდულაძემ პასუხი პარტიას, „გახარია საქართველოსთვისაც“ მოსთხოვა. ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ საჯარო სხდომაზე ამ საკითხის ასე დასმა საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რუსეთმა შესაძლოა ეს მსჯელობა ჟენევის მოლაპარაკებებზეც გამოიყენოს.

ყველა სიახლე პარტიების აკრძალვის საქმეზე ნახეთ აქ
ოპოზიციის თანამშრომლობა და წერილი ევროკავშირს
თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ჰკითხა, კვლავ იზიარებენ თუ არა 2024 წლის არჩევნების წინ ერთობლივ დეკლარაციაში გამოხატულ პოზიციას არჩევნების შემდეგ თანამშრომლობაზე. ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და დეკლარაციამ თავისი დანიშნულება ამოწურა.
გიგა ლემონჯავას თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ კოალიციური მმართველობა საქართველოსთვის სასურველი ფორმაა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ დეკლარაციას პოლიტიკური დოკუმენტი უწოდა. ანა ბუჩუკურმა კი თქვა, რომ მისი პარტია დოკუმენტს არ შეუერთდა.
ჭეიშვილი დაინტერესდა, რას სთხოვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები პარტნიორ ქვეყნებს საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. გიორგი სიორიძის განმარტებით, მიზანი იყო, საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო და ხმის მიცემა მეტ ემიგრანტს შესძლებოდა.
ჭეიშვილმა ცალკე იკითხა არჩევნების შემდეგ ოთხი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილზეც. წერილის ავტორები, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების შეჩერებას და თანხის სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად გადამისამართებას.
ბეჟაშვილის თქმით, წერილი არჩევნების შესაძლო გაყალბების საერთაშორისო შეფასებას უკავშირდებოდა. თენგო თევზაძემ და გრიგოლ გეგელიამ აღნიშნეს, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილი მოთხოვნები ერთიან კონტექსტში უნდა შეფასდეს.
აფხაზეთი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მსჯელობისას ოპოზიციას ჰკითხა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ. კახიანმა დააზუსტა, რომ ეს „დაშვების დონეზე“ დასმული კითხვა იყო და პასუხად „კი ან არა“ ითხოვა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ შეკითხვის მოხსნა მოითხოვა. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებს ქვეყნისთვის ასეთი არჩევანი არასდროს შეუთავაზებიათ და საკითხს ამ ფორმით მხოლოდ რუსეთი აყენებს. თევზაძემ იკითხა, რა კავშირი ჰქონდა ამ დაშვებას პარტიების აკრძალვის საქმესთან.
„ასეთი რამ ბუნებაში არ არსებულა“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა. მან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას სირიასთან ურთიერთობაშიც იცავს.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მის პასუხს ალტერნატივა არ აქვს. მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდაზე მათი განცხადებებიც შეახსენა და შეკითხვას პროვოკაციული უწოდა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ შეკითხვას სასამართლოში დასვამდნენ. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისი გუნდისთვის ამოსავალია.
„სამაჩაბლოს, ანუ ცხინვალის რეგიონის, და აფხაზეთის გარეშე საქართველოს ერთიანობა არ არსებობს“, - თქვა სიორიძემ.
„არა, არცერთ შემთხვევაში, არასოდეს“, - უპასუხა კახიანს პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა. მისი თქმით, საკითხს ამ ფორმით მხოლოდ რუსეთის ფედერაცია აყენებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…