მამუკა მამულაშვილი: აქ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართველი კაცი არ იყოს "გრუზინი“
"თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას, მაგალითად, ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად იბრძოდა და საქართველოს ღირსებას იცავდა. ნიკასნაირი ბევრია. თითოეულმა მათგანმა ბრძოლაში საკუთარი ჯანმრთელობა, კიდურები, ზოგმა კი სიცოცხლეც დაკარგა. მათ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას შესწირეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ“.

"თბილისის ქუჩებში რომ გამოკითხვა ჩაატარო, შესაძლოა, ასიდან ათმა ადამიანმაც ვერ შეძლოს უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელებისა და გვარების დასახელება“, - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი და მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება სათანადოდ არ იცნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს. მამულაშვილის თქმით, ბოლო დღეებში საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ მეგობრის დაცვისა და მის გვერდით დგომის მაგალითებზე, თუმცა გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ებრძვიან და საქართველოს ღირსებას იცავენ:
"თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას, მაგალითად, ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად იბრძოდა და საქართველოს ღირსებას იცავდა. ნიკასნაირი ბევრია. თითოეულმა მათგანმა ბრძოლაში საკუთარი ჯანმრთელობა, კიდურები, ზოგმა კი სიცოცხლეც დაკარგა. მათ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას შესწირეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ“.
რატომ არ ეთმობა სათანადო ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას შესწირეს და რატომ ვერ აცნობიერებს საზოგადოების ნაწილი, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და უსაფრთხოების ბრძოლაცაა? - გვესაუბრება მამუკა მამულაშვილი:
- მე უფრო ის მაწუხებს, რომ საქართველოში გმირობის ნამდვილი არსი აღარ გვესმის. ადამიანებს, რომლებიც, უბრალოდ, სწორად იქცევიან და მეგობარს გასაჭირში არ ტოვებენ, გმირებად მივიჩნევთ. მე არ მყოლია მეგობარი, რომელსაც ჩხუბში მივუტოვებივარ, ზოგადად არ მეგულება ქართველი კაცი, რომელიც ჩხუბის დროს გაიქცევა. მეგობრისთვის თავგანწირვა ქართული ხასიათის ნაწილია და ეს შესახებ ჩვენმა მეგობარმა უკრაინელებმა იციან და მტერმა რუსებმაც. გმირობაა, როდესაც ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს სხვისი კეთილდღეობისთვის. გმირობა არის ის, რასაც ჩვენი ბიჭები აკეთებენ - ნიკა ადუაშვილის შემთხვევა გამონაკლისი არ არის, მსგავსი ამბები ჩვენთან ყოველდღიურად ხდება. ჩვენი მებრძოლები ყოველდღე ისეთი საფრთხის წინაშე დგანან, რომლის წარმოდგენაც კი ბევრს უჭირს.
თითოეული ჩვენგანი იღვიძებს იმ განცდით, რომ შეიძლება ეს დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს, და იძინებს იმ ფიქრით, რომ შესაძლოა ხვალინდელი დილა ვეღარ გაგვითენდეს. ვიღაც ხელს კარგავს, ვიღაც ფეხს, ვიღაც კი სიცოცხლეს. ჩვენ ამ ყველაფერზე შეგნებულად მივდივართ, რადგან გვინდა, რომ თქვენ შეგეძლოთ ქართულად საუბარი, ისწავლოთ საკუთარი სამშობლოს ნამდვილი, გაუყალბებელი ისტორია, შეინარჩუნოთ წინაპრების ავთენტური ტრადიციები და რწმენა. ბოლოსდაბოლოს ჩვენ აქ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართველი კაცი არ იყოს "გრუზინი“. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩვენი ბიჭები, რომლებიც საქართველოსთვის დაუფიქრებლად მიდიან სიკვდილზე საქართველოს საზოგადოების მხრიდან შესაფერისი დაფასება არ აქვთ. მჯერა, ბევრ ქართველს გულწრფელად ესმის ამ ბიჭების თავგანწირვის ფასი, მაგრამ ეს დამოკიდებულება მხოლოდ პირად განცდად არ უნდა დარჩეს. საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ხედავს და აფასებს მათ ბრძოლას. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სამშობლოში მათი თავგანწირვა შეუმჩნეველი არ რჩება და ქართველი ხალხისთვის მათი ბრძოლა მნიშვნელოვანია.
- შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომს საკუთარ ბრძოლად არ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამას ფინანსური სარგებლის გამო აკეთებენ.
- სრულიად გეთანხმებით, ვიცი, რომ საქართველოში ზოგიერთებს ასეთი განწყობები აქვთ. როდესაც ადამიანს განათლება და მოვლენების გლობალურად გააზრების უნარი აკლია, ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იბრძოდეს ვინმე მტრის წინააღმდეგ საკუთარი სამშობლოდან შორს. მას ჰგონია, რომ ბრძოლა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც მტერი სახლში შემოგივარდება. სინამდვილეში ხელი მანამდე უნდა გაანძრიო, ვიდრე მტერი შენს სახლში შემოიჭრება. როდესაც უკვე შვილს მოგიკლავენ, ცოლს გაგიუპატიურებენ და ყველაფერს დაგინგრევენ, მერე წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ აქვს. ქართველებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: ჩემი ბიჭები უანგაროდ დგანან იქ, სადაც ყოველდღიურად სიკვდილის საფრთხეა. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა შეგნებულად ავრცელებს ნარატივს, თითქოს ეს ადამიანები დაქირავებული მებრძოლები იყვნენ და ფულის გამო იბრძვიან. მაგრამ ნუთუ შეიძლება ვინმეს მართლა ეგონოს, რომ ნიკასთვის დაკარგული ფეხი რაიმე თანხით შეიძლება შეფასდეს? ან რა იცოდა ნიკამ, რომ ის გუშინ ფეხს დაკარგავდა და არა თავს?
- თუმცა, ალბათ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკრაინაში არიან ისეთებიც, ვინც ომში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მიდიან...
- რა თქმა უნდა, არიან არაადეკვატური ადამიანებიც. ადამიანს რომელსაც ფულის გამო კაცის მოკვლა შეუძლია, ის ვერ იქნება ნამდვილი მებრძოლი, უფრო მეტიც, ასეთი ადამიანი საერთოდ ჯანმრთელად არ მიმაჩნია. ვერ გამოვრიცხავ რომ ვინმე სარგებლის გამოც იყოს ჩამოსული, მაგრამ "ქართული ლეგიონში" ასეთი გამორიცხულია. ჩვენ როდესაც ლეგიონში ახალწვეულს ვიღებთ, მასთან გასაუბრებას ვატარებთ და ვარკვევთ, რა არის მისი ბრძოლის მოტივაცია და რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა აქვს. ჩვენს გარშემო ხშირად ძალიან უაზრო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ჭორები ვრცელდება. საქმე იქამდეა მისული, რომ კარგ ადამიანებად მივიჩნევთ მათ ვინც ჩვენზე არ ჭორაობს და ჩვენს დისკრედიტაციას არ ეწევა.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტი მესტუმრა და გაოცებული დარჩა იმ პირობებით, რომელშიც ვცხოვრობ. ჩემს საცხოვრებელ ოთახში გათბობა და ელექტროენერგიაც კი არ არის. ამას ახლა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვწუწუნებ და მეტი მინდა, არა, უბრალოდ, ზოგიერთები ჭორებს მივრცელებენ, რომ თურმე რამდენიმე ბინა მაქვს კიევსა და თბილში. ეს ერთადერთი ჭორი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენს ხშირად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მიგვაკუთვნებენ - ხან "ნაციონალურ მოძრაობის“ ნაწილად მიგვიჩნევენ, ხან რომელიმე აქ მყოფი ქართველი პოლიტიკოსის მხარდამჭერებად გვაცხადებენ. ყველაზე მეტად მაოცებს, "ქართულ ოცნებაში“ გადაპორტირებული "ნაცები“, მე რომ მაბრალებენ "ნაცობას“. ეს ძალიან სასაცილოა. მე არასდროს ვყოფილვარ პარტიულ პოლიტიკაში ჩართული, არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალი“ და არასდროს გავხდები "ქართული ოცნების“ წევრი. დეზინფორმატორებს იმედი უნდა გავუცრუო და ვთქვა, გავრცელებული ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს, "ქართული ლეგიონის" შექმნაში "ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი დევს, რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. ის ადამიანები მაინც გაჩერდნენ, რომლებსაც ლურჯი მაისურების ქვეშ "ნაციონალების“ მაისურები მოუჩანთ.
- ცნობილია, რომ უკრაინელებმა "ქართული ლეგიონის“ ღვაწლისა და დაღუპული ქართველი მებრძოლების პატივსაცემად კიევში ერთ-ერთ მთავარ სკვერს თქვენი ლეგიონის სახელი მიანიჭეს. როგორც ვიცი, ამ სკვერში მემორიალური სკულპტურის დადგმასაც გეგმავდით. რა ეტაპზეა ახლა ეს პროექტი და მოხერხდა თუ არა მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება?
- სკვერისთვის "ქართული ლეგიონის" სახელის მინიჭების ინიციატივა უკრაინელებს ეკუთვნით. "ქართული ლეგიონი“ უკრაინის ისტორიაში პირველი უცხოური სამხედრო დანაყოფია, რომლის სახელიც კიევის ერთ-ერთ სკვერს ოფიციალურად ეწოდა. ეს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის აღიარებაა, ამიტომ ამ ადგილზე მემორიალური სკულპტურის დადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი გვაქვს, მაგრამ ამ პროექტის განსახორციელებლისთვის საჭირო თანხა არ გაგვაჩნია. დახმარებისთვის უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებსა და ქართული პოლიტიკიდან გადმოსულ პოლიტიკოსებს ვთხოვე, თუმცა, ამაოდ, სამწუხაროდ, არავის გამოუჩენია ინიციატივის მხარდაჭერის სურვილი. არც კი დაინტერესებულან, რა იყო საჭირო ამ საქმის განსახორციელებლად. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან საქმე შეეხება არა მხოლოდ "ქართული ლეგიონის", არამედ მთლიანად საქართველოს სახელისა და ქართველი მებრძოლების ღვაწლის დაფასებას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელებს მსგავსი პატივი სხვა ქვეყნის სამხედრო დანაყოფისთვის რომ მიენიჭებინათ, სრულიად განსხვავებული რეაქცია იქნებოდა - იმ ერის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდებოდა, პოლიტიკოსი იქნებოდა ის თუ ბიზნესმენი და მემორიალს ერთობლივი ძალებით ააშენებდნენ. ჩვენს შემთხვევაში ასეთი ერთიანობა ვერ შედგა. ამიტომ ახლა მებრძოლები საკუთარი ძალებით ვცდილობთ სამშენებლო მასალების მოძიებას და საკუთარი ხელებით ვაპირებთ მემორიალური სკულპტურის აშენებას. გვინდა, ეს საქმე აუცილებლად ბოლომდე მივიყვანოთ და მემორიალი დავდგათ. ის იქნება ქართული ლეგიონის მებრძოლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად და იმ ქართველი მეომრების პატივსაცემად, რომლებმაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.
- ასეთი უყურადღებობის და მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფონზე, არასოდეს გაგჩენიათ განცდა, რომ ბრძოლას აზრი ეკარგება და მისი გაგრძელება აღარ ღირს?
- არა, მე ისე გამზარდეს და ისე გადამეზარდა ჩვევაში ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა, სულ მარტო რომ დავრჩე, მაინც ვიბრძოლებ. ერთ-ერთმა ქართველმა ფეისბუქზე მომწერა: "თუ დამარწმუნებ, რომ მართლა ომში ხართ, მერე დაგაფასებთო“. წარმოიდგინეთ, უკვე 12 წელია ვიბრძვით და თუ ამდენი ხნის შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ბრძოლის რეალურობაში დარწმუნება სჭირდებათ, მაშინ რაღაზე უნდა ვილაპარაკო?
- და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ: ბელარუსი-უკრაინის საზღვართან განგაში გამოცხადდა, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, სასაზღვრო ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. რამდენად ზრდის ეს ვითარება უკრაინაში ომის გაფართოების საფრთხეს? შეიძლება თუ არა ბელარუსის სამხედრო აქტივობა მხოლოდ წვრთნებსა და უსაფრთხოების ზომებს უკავშირდებოდეს, თუ არსებობს რეალური საფრთხე, რომ მინსკი ომში უშუალოდ ჩაერთოს?
- ეს ინფორმაცია რეალობას სრულად შეესაბამება. ლუკაშენკო საზღვართან ჯარების მობილიზაციას ახორციელებს და საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ბელარუსები რუსეთ-უკრაინის ომში უშუალოდ ჩაერთონ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკო ასეთ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ შესაძლოა, გამოუვალი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ის იძულებული გახდეს, ბელარუსის სამხედრო ძალები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართოს. ლუკაშენკოს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ პუტინის ზეწოლამაც შეიძლება უბიძგოს. დღეს ბელარუსში ვითარებას მნიშვნელოვანწილად სწორედ პუტინი აკონტროლებს. შეგახსენებთ, როდესაც ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, პუტინის დახმარებით ეს პროტესტი ძალის გამოყენებით ჩაახშეს. ლუკაშენკოს, რა თქმა უნდა, საკუთარი გავლენა აქვს, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ახალი პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, პუტინი შესაძლოა აღარ დაეხმაროს. მისი მხარდაჭერის გარეშე კი ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების საფრთხე ემუქრება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…