კახიანი ოპოზიციას: შემოთავაზება რომ იყოს, EU-ში/ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელი იქნება, თუ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, დაეთანხმებოდით თუ არა?
საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კახიანმა ოპოზიციას ჰკითხა, დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ. ოპოზიციამ შეკითხვა რუსულ ნარატივად შეაფასა და მისი აცილება მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ოცნებამ" ოპოზიციურ პარტიებს ჰკითხა, შემოთავაზების შემთხვევაში, ტერიტორიულ მთლიანობას აირჩევდით თუ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასო.
კერძოდ, გიორგი კახიანმა დასვა კითხვა: "საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა?"
აქვე კახიანმა დასძინა, რომ აღნიშნულ კითხვას დაშვების დონეზე სვამს.
„აქ რამდენჯერმე კონსტიტუციის 78-ე მუხლი გაჟღერდა. ჩემი შეკითხვა დაშვების დონეზეა და ეხება, ერთი მხრივ, 78-ე მუხლს და, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. რომ იყოს ასეთი შემოთავაზება, რომ საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაეთანხმებოდით თუ არა ასეთ შემოთავაზებას? - კი ან არა!“ - მიმართა კითხვით პარტიებს გიორგი კახიანმა.
კითხვის პასუხად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ შეკითხვის აცილება მოითხოვა.
არავის, არასდროს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ - ჩვენს პარტნიორებს მსგავსი დაშვება და არჩევანი არ დაუყენებია. ერთადერთი, ვინც მსგავსს არჩევანს აკეთებს, ეს არის რუსეთი. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ მოლაპარაკებები, სადაც ახლა მთელი მსოფლიოა ჩართული. ამ დაშვებაზე ამ დარბაზში ეს კითხვა საერთოდ რელევანტური არ არის“, - განაცხადა თენგო თევზაძემ გიორგი კახიანის პასუხად.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თეონა აქუბარდია - "გაბედეს და რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს" - წერს პოლიტიკოსი:
ქართული ოცნენა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე კითხულობს დაშვების დონეზე თქვენ რომ იყოთ ტერიტორიულ მთლიანობას აირჩევდით თუ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასო.
გაბედეს და რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს მაშინ, როცა კრემლი მიუხედავად საქართველოს შეჩერებული პროდასავლური კურსისა მაინც ითხოვს ჩვენ ოკუოირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და საზღვრების გავლებას. ესაა პარტია, რომელიც ბოდიშს უხდის ოკუპანტს, წირვას ქვეყნის სუვერენულ არჩევანს და კრემლის ენას იყენებს განცხადებებში. ყველაფერი იწერება და არავის დაავიწყდება ეს ყველაფერი!"- წერს აქუბარდია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…