ფინეთის პრეზიდენტი: ფინეთის წევრობა ნატოში არანაირი ფორმით არ გადაიხედება - ამის სურვილი არც ფინეთს აქვს და არც ნატოს
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა კატეგორიულად უარყო მედიის ცნობები, თითქოს რუსეთმა ალიანსიდან ფინეთის გასვლა მოითხოვა და განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში წევრობა არ გადაიხედება.

ფინეთი ნატოდან გასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა ფინურ გამოცემა Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა და მედიაში გავრცელებული ცნობები უარყო, თითქოს რუსეთმა აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე ფინეთის ალიანსიდან გასვლა მოითხოვა.
„შემიძლია სრულიად პირდაპირ ვთქვა: ფინეთი ნატოში 2023 წელს გაწევრიანდა და ალიანსის წევრი დარჩება მანამ, სანამ ის არსებობს“, - აღნიშნა სტუბმა.
სტუბის თქმით, ნატოდან გასვლის შესახებ გავრცელებული განცხადებები „არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული სერიოზულად“.
„ფინეთის წევრობა ნატოში არანაირი ფორმით არ გადაიხედება. ამის სურვილი არც ფინეთს აქვს და არც ნატოს. ჩვენ უსაფრთხოების გარანტი ვართ ნატოსთვის, ზუსტად ისევე, როგორც ნატო არის უსაფრთხოების გარანტი ჩვენთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ალიანსიდან ფინეთის გასვლის მოთხოვნა მისთვის არავის წამოუყენებია.
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შუამავლობით აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ფინეთის ნატოდან გასვლის მოთხოვნა გაჟღერდა.
აღნიშნული ინფორმაცია კრემლში კატეგორიულად უარყვეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „მე ეს არ ვიცი. არა, მსგავსი მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. ამაზე საუბარი არ ყოფილა“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…