Bild: რუსეთი ფინეთის ნატოდან გასვლასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ბაზების აკრძალვას ითხოვს
Bild-ის ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ ფინეთის ნატოდან გასვლას, ბალტიისპირეთში ალიანსის ბაზების აკრძალვასა და უკრაინის მთელი დონბასის დათმობას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე, ევროპასთან დაკავშირებული არაერთი მოთხოვნა წამოაყენა. მათ შორისაა ფინეთის ნატოდან გასვლა და ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ალიანსის სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის არაფორმალური წინადადებები აბუ-დაბიში ევროპელ წარმომადგენლებს გააცნეს და უკრაინის ტერიტორიების საკითხს მნიშვნელოვნად სცდება. მოსკოვი, როგორც ჩანს, ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს „ევროპის უსაფრთხოების ახალ წესრიგს“. რუსი ოფიციალური პირები კვლავ ამტკიცებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას არ უნდა დათანხმებოდნენ.
ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადების თანახმად, მოსკოვი შეინარჩუნებდა უკრაინის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს და მთლიანად მიიღებდა დონბასს. კიევს დონეცკისა და ლუგანსკის იმ დარჩენილი ტერიტორიების დათმობაც მოუწევდა, რომლებსაც ამჟამად უკრაინის ძალები აკონტროლებენ.
გეგმა ასევე ითვალისწინებს ოდესისა და ნიკოლაევის პორტების დემილიტარიზაციას და მათ სამხედრო-საზღვაო ბაზებად გამოყენების აკრძალვას. ამასთან, შავი და ბალტიის ზღვების გავლით თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ცალკე შეთანხმებები უნდა გაფორმდეს.
რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ მუდმივი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ამასთან, გეგმა არ გამორიცხავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
რუსული წინადადების კიდევ ერთი პუნქტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში - ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვას, ხოლო ფინეთისგან ალიანსში გაწევრიანებამდე არსებული სტატუსის დაბრუნებას ითვალისწინებს.
მოლდოვასთან დაკავშირებით, გეგმა ფედერალური რესპუბლიკის შექმნას გულისხმობს, რომელშიც მოლდოვის ძირითადი ტერიტორია, დნესტრისპირეთი და გაგაუზია გაერთიანდებოდა. თუ მოლდოვა ევროკავშირს შეუერთდება, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ.
სანაცვლოდ, რუსეთის მხარე ბელარუსიდან ბირთვული იარაღის გატანასა და იქ საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე უარის თქმას სთავაზობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…