რატომ ადანაშაულებს ოპოზიცია საკონსტიტუციოს მოსამართლეებს დისკრიმინაციაში
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციონერმა ბერდია სიჭინავამ სასამართლოს მიდგომა დისკრიმინაციულად შეაფასა, რადგან მათ „ოცნების“ მიერ მტკიცებულებების წარდგენაზე დაუყოვნებლივი პასუხის უფლება არ მიეცათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.
მხარეებისადმი მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, განხილვა მხარეების მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით უნდა დაიწყოს.
სხდომის დაწყებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მხარეებს მოუწოდა, რომ განხილვა საქმიან რეჟიმში წარმართულიყო და კონკრეტული შეკითხვა და კონკრეტული პასუხი ყოფილიყო.
რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კითხვებზე გადასვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებს წაიკითხავდა, რომელიც მის თქმით, „ძალადობრივი აქციების წამქეზებელი“ იყო.
„როგორც თქვენ [პლენუმმა] გვითხარით, კითხვების ეტაპის დაწყებამდე წარმოადგინეთ აღნიშნული საკითხების ნაწილიო. მოპასუხეებს თუ კითხვები გაუჩნდებათ თავისივე განცხადებებზე, ექნებათ შესაძლებლობა, რომ განცხადებებს უპასუხონ“, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის თხოვნის პასუხად რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ცალკე „ქართული ოცნების“ მხარეს განმარტების ეტაპზე ვერ დააბრუნებდა და მხოლოდ რამდენიმე მტკიცებულების დემონსტრირების საშუალება ექნებოდათ, თუ ეს ის მტკიცებულებები იყო, რაზეც მათ წინა სხდომებზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მიუთითა.
„არავითარი განმარტება, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეჯიბრებითობა დაგვერღვევა. მაშინ მოპასუხე მხარესაც უნდა მივცეთ [ამის შესაძლებლობა]“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ის, რასაც „ოცნების“ წარმომადგენელი ითხოვდა, მტკიცებულებების გამოკვლევაა და მასში მონაწილეობის უფლება, როგორც მოპასუხეებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონოდათ.
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი და მომხრე ვართ, რომ ბატონმა არჩილმა წარმოადგინოს ვიზუალური სახით თუ წაიკითხოს, როგორც ითქვა ქალბატონი ევას მოწოდების შემდეგ. თუმცა ამ ეტაპს ჰქვია მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. შეფასებებს და ახსნა-განმარტებებს არ ვამბობ, ეს კლასიკური ფორმით არის მტკიცებულებების გამოკვლევა – დემონსტრირებს მხარე იმ მასალას, რომელსაც ეყრდნობა თავის სასარჩელო მოთხოვნაში. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ანალოგიური უფლებით უნდა ვისარგებლოთ ჩვენც. მტკიცებულებების გამოკვლევაში ორივე მხარე მონაწილეობს, მოსარჩელეც და მოპასუხეს. წინააღმდეგი არ ვართ, მივესალმებით, ოღონდ მტკიცებულებების გამოკვლევაში უნდა მივიღოთ ჩვენც მონაწილეობა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ის მტკიცებულებები შეფასების საშუალებას არცერთ მხარეს მისცემდა და ამისთვის მხარეებს დასკვნით სიტყვებში ექნებათ შესაძლებლობა.
„თქვენიც მოწოდება იყო, რომ დაავალეთ მოსარჩელესო და მოუწოდა [მტკიცებულებების წარმოდგენა]… სასამართლოს მოწოდების და ასევე თქვენი თხოვნაც იყო ეს, რამდენიმე ბმულს წაიკითხავს, ალბათ, ბატონი არჩილი [გორდულაძე]. მე მას ვუთხარი, რომ არავითარი შეფასება. თქვენი შეფასებები უნდა გააკეთოთ თქვენს დასკვნით სიტყვებში და იქ შეაჯამეთ რისი დემონსტრირებაც იქნება.
რასაც ახლა წარმოადგენს ბატონი არჩილი, თქვენ თუ იმის საპირისპიროს დემონსტრირება გსურთ, თქვენ გუშინაც არ შეზღუდულხართ. თუ რაიმეს წაიკითხავს ბატონი არჩილი და თქვენ ჩათვლით, რომ ეს ინტერვიუ არ მიცემულა, გვითხარი, რომ ეს ინტერვიუ არ მიცემულა. გადმოგიგზავნიან [ბმულებს] და ბრმად არც ჩვენ ვენდობით ამას. მიუხედავად ყველა მხარისადმი დიდი პატივისცემისა, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის, ბრმად არ ვენდობით“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მას შემდეგ, რაც არჩილ გორდულაძემ „ოცნების“ მტკიცებულებების წაკითხვა დაიწყო, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ითხოვა, რომ მათ შესძლებოდათ პასუხის გაცემა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი არ უნდა დარღვეულიყო და ოპოზიციასაც უნდა მისცემოდა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა.
„როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მორჩება, გვინდა, რომ თითო წუთი მოგვეცეს, რომ უბრალოდ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, არანაირი განხილვაში შესვლა და მტკიცებულებების დემონსტრირება არ გვინდა. ჩვენც გვინდა ერთი წუთი მოგვეცეს. იმიტომ, რომ
ბატონმა გორდულაძემ რაც წარმოადგინა თუნდაც „ლელო ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით, ამაზე გვინდა ვთქვათ, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი უნდა იყოს დაცული და უმაღლესი თანამდებობის პირებმა უდანაშაულოდ არ უნდა გამოაცხადონ ხალხი. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
პასუხად რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ არჩილ გორდულაძე ფაქტებს გადმოსცემდა და სასამართლო განმარტებების ეტაპს არ დაუბრუნდებოდა.
„ის რის დემონსტრირებასაც ახდენს ბატონი გორდულაძე არის ფაქტების გადმოცემა უშუალოდ, როგორც არის. ამ ფაქტებზე თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ თქვენს დასკვნით სიტყვაში…
ხომ შეიძლება რაღაც ეტაპი მუდმივად ჩაკითხვებით არ გავიაროთ?“, – განაცხადა სამუშიას პასუხად რევაზ ნადარაიამ.
თავის მხრივ, გახარიას პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიდგომა დისკრიმინაციული იყო.
„ეს არის მტკიცებულებების ეტაპი. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ერთი მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ბერდია სიჭინავა.
ბერდია სიჭინავას პასუხად რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ მხარეებს კინკლაობის საშუალებას არ მისცემდა.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…