სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ გუნდის მენტალური მდგომარეობა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს არ შეესაბამება და ასე გაგრძელება არ შეიძლება. სვანაძის თქმით, გუნდმა გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა უპასუხოს.

ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
“ყველა მატჩში შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გვქონდა პრობლემები. უბრალოდ ახსნა არ შემიძლია მოვუძებნო იმას, რომ ექვს მატჩში ვერცერთი გოლი ვერ გავიტანეთ. მესმის, ეს არანორმალურია. მე, მაგალითად, ეს ვერ ამიხსნია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდის შენებისას ყველაფერი სწორედ ბურთის ფლობით იწყება, ხოლო თანდათანობით სხვა მომენტების სრულყოფა ხდება. ამას გარდა, ჩვენ აუცილებლად დაგვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რაც იმ ხარისხს შეგვძენს, რომელიც ამჟამად ძალიან გვაკლია. განსაკუთრებით შეტევების დასკვნით ფაზაში.
მიდგომის მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ ჩვენი მენტალური მდგომარეობა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. მე კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობ. ცხადია, ეს გამოსასწორებელია. ისიც ნათელია, რომ უნდა აღვადგინოთ დაკარგული ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა კავშირი ჩვენს გულშემატკივრებთან. ყველამ დავინახეთ, როგორ მცირდებოდა მაყურებელთა რაოდენობა სტადიონზე მატჩიდან მატჩამდე. ნუთუ ასე არ არის? ნამდვილად ასეა.
ეს ძალიან კარგად ვიცი, მეც ხომ ქართველი ვარ, ისევე როგორც ყველა თქვენ. ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ხასიათი და ის, როდის მოდიან ქართველი ქომაგები სტადიონზე - როცა გუნდს კარგი პერიოდი აქვს და იმარჯვებს. ასე იყო მუდამ და ასე იქნება ყოველთვის. ამიტომ ვალდებული ვართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის და გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით დ იმ ერთიანობით ვუპასუხოთ, რომელიც გულახდილად რომ ვთქვათ, ამ შეკრებაზე ნამდვილად შესამჩნევი იყო, მათ შორის წინ შეკრებასთან შედარებით. თუმცა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა ასეთი შეხვედრები არ წაგვეგო.
თუ თავად თამაშს დავუბრუნდებით, მიმაჩნია, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. პირიქით, თუ პირველ ტაიმში ვინმეს გოლი უნდა გაეტანა, ეს ჩვენ ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, დეტალები არ გვყოფნის. ეს იმას ადასტურებს, რომ ყოველი ჩვენგანი ბოლომდე საკმარისად არ მუშაობს. ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, რომ ეს დეტალები ჩვენს კი არა, მეტოქეთა საზიანოდ მუშაობდეს“, - ციტირებს სვანაძეს sport.ua.
სვანაძემ აგრეთვე თქვა, რომ კრიტიკა უნდა მიიღონ, მენტალური სიტუაცია შესაცვლელია, ქირურგიული ჩარევაა საჭირო, კრიზისს და პლეი-ოფს დაძლევენ და მარტიდან გულშემატკივრები სრულიად სხვა ნაკრებს ნახავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…