უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები არაფრით არის უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი. მისი თქმით, უკრაინამ საქართველოსთან მატჩი აბსურდულ სიტუაციაში მოიგო, სადაც ბურთს იშვიათად ფლობდა.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ ისაუბრა:
“გუნდის შეფასება? ამაზე არ მიფიქრია. შემიძლია ორი შეფასება შემოგთავაზოთ: 10.0 თავდადებისა და შედეგისათვის და 6.5 თამაშისათვის. ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გულშემატკივრებისთვის გამარჯვება ეჩუქებინათ. ვფიქრობ, ამ მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. მოვიგეთ შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, ვერ ვუწოდებთ ესთეტიკურად ლამაზს. დიდი იყო ზეწოლა, ამიტომ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ასპექტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი ღირებულებები - ერთიანობა და ძლიერი გუნდური სულისკვეთება. მთავარიც სწორედ ეს იყო.
ვთვლი, რომ ეს ძალიან დაბალანსებული ჯგუფი იყო. ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა დაგვესრულებინა - პირველზე ან ბოლოზე. ჩემი აზრით, საქართველო, რომელმაც საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავა, არაფრით არის უნგრეთზე ან თუნდაც უკრაინაზე სუსტი. ახლა ვფიქრობთ იმაზე, რა იქნებოდა, ირლანდიასთან მატჩის ბოლო წუთზე სიკანს რომ გაეტანა, შესაძლოა, მოგვეგო კიდეც და ახლა მეორე ადგილზეც კი ვყოფილიყავით.
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, გარწმუნებთ, ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა უზარმაზარი იყო. ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს. საკმაოდ აბსურდულ სიტუაციაში მოვიგეთ თამაში, რომელშიც ბურთს იშვიათად ვფლობდით. ფეხბურთი მართლაც უცნაურია.
ამ მატჩიდან განსაკუთრებით იმ საბრძოლო განწყობას გამოვყოფდი, რომელიც გუნდმა გამოავლინა. ეს ის თვისებაა, რაც, შესაძლოა, ხანდახან გვაკლდა კიდეც. გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ასეთი შეხვედრები უნდა მოგვწონდეს. ასეთი თვისებების: ხასიათის, სირთულეების დაძლევის უნარისა თუ იმავე სულისკვეთების გამომუშავება ვარჯიშით რთულია; არ არსებობს კონკრეტული სავარჯიშო, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ გუნდს ეს თვისებები შინაგანად გააჩნია, ისინი ძალის წყაროდ იქცევა. ეს გუნდს ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევს და ქმნის პოტენციალს იმისას, რომ მომავალში კარგ გუნდად ჩამოყალიბდეს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…