ნუთუ მეტი არ შეგვიძლია?! - რას უნდა დააღწიოს თავი საქართველოს ნაკრებმა...
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინას კოშიცეში დაუპირისპირდება. მწვრთნელ რამაზ სვანაძის გუნდი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე გოლი ჯერ არ გაუტანია, B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" ბოლო ტურის მატჩში უკრაინას სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ეთამაშება - სამშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.
ისტორიულად მართლაც "საჩვენო" ტურნირი, "ერთა ლიგა", აშკარად ჩავაგდეთ. გამარჯვების ვერმოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები კვლავ B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს და პლეი-ოფს თავს ვერ დააღწევს, როგორც მანამდე, მაგრამ თუკი წინაზე დაწინაურების შანსი ბოლომდე გვქონდა, ახლა მძიმე შედეგები გვაქვს. მხოლოდ ორ ნაკრებს არ აქვს გოლი გატანილი, "ჯვაროსნებს" და D ლიგაში ლიხტენშტაინს. მართლაც წარმოუდგენელია, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ თქვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა სცადონ, მძიმე სიტუაციაში ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოიჩინონ, საკუთარ თავს გადაახტნენ და წარუმატებლობას თავი დააღწიონ. წნეხის დროს თამაში ჩვენი ძლიერი მხარე მაინცდამაინც არასდროს ყოფილა და იმედია, ახლა სხვაგვარად იქნება.
ისე კი, ტრაგედია არც პლეი-ოფში თამაში უნდა იყოს, სადაც დღევანდელი მოცემულობით ბელარუსს, ესტონეთს, კვიპროსს, მოლდოვას ან ფარერებს (ბოლო ორი ერთ ჯგუფშია) დავუპირისპირდებით და არც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში თამაში. უფრო მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ გუნდური ერთიანობა, შეთამაშება და შეტევების წარმართვის უნარი; უფრო ყურადღებიანები ვიყოთ სტანდარტული მდგომარეობების დროს, ენერგიული თამაში და პრესინგი კი მხოლოდ ერთი ტაიმის განმავლობაში არ შეგვეძლოს, ფეხბურთი ხომ 90 წუთით გრძელდება. ნუთუ მეტი არ შეგვიძლია?!

ამ ეტაპზე, მორიგი მატჩის წინ, გუნდის ვითარებას ვითვალისწინებთ, შემდეგ კი მეტია სათქმელიც, საჭიროც და გადასაწყვეტიც. შეკრების დასაწყისში ვწერდით, მწვრთნელსაც და სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილსაც უშუალოდ ვუთხარით, აუცილებლად დადგება მიმართების საკითხი ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესებისა და შედეგის შეთავსებას შორის და გულშემატკივრებთან მხოლოდ მომავლის დაპირებების იმედად ვერ დავრჩებით. აუცილებლად აღვნიშნოთ, რაც მოგვეწონა, მაგალითად, პირველ ტაიმში გუნდის მონდომება, აგრესია, მაღალი პრესინგის მაქსიმალური მცდელობა, მაგრამ ეს ცოტა დროით და არასაკმარისად იყო. კუთხურებიდან გოლების გაშვება ჩვენი მოუგვარებელი გახდა და ზოგადად, ჩაწოდებების დროს აშკარად ვღელავთ; გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე რომ შეტევების წარმართვა თითქმის შეუძლებელი ხდება, ეგეც ცხადია. დაველოდოთ უკრაინასთან მატჩში რა შეიცვლება, გადამწყვეტი, საგოლე პასის გაკეთება გამოსასწორებელია!..
უკრაინის ნაკრები საქართველოსთვის ძალიან უხერხული მეტოქეა. ბოლო მატჩში, თბილისში, სტუმრებს ბევრი არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ ფრეს (0;0) მაინც გამორჩნენ. პარალელურად, უნგრეთი და ჩრდ.ირლანდია პირველი ადგილისთვის თუ იბრძოლებენ, აქ ის ირკვევა, ბოლო ადგილს თავს რომელი დააღწევს.
შემადგენლობაში ცვლილებები იქიდან გამოწვეულიც იქნება, ძალები ვინ როგორ აღიდგინა და არსებობს თუ არა მიკროტრავმები. რამაზ სვანაძე რასაც ნამდვილად შეცვლის, სასტარტოში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდება. სავარაუდოდ, ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად; დიდია ალბათობა, მარჯვენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ზურიკო დავითაშვილმა შეცვალოს. როტაციის მოყვარული იტალიელი მწვრთნელი მალდერა კი ბოლო მატჩიდან ალბათ არავის შეცვლის.
12 555-იან არენაზე მთავარი მსაჯი სლოვენიელი მარტინ მატისა იქნება, უფრო რანგით დაბალ ევროტურნირებსა და "ერთა ლიგის" C დივიზიონში რომ გვინახავს.
სავარაუდო შემადგენლობები
უკრაინა: ტრუბინი, ზაბარნი, სარაპი, მატვიიენკო, მიკოლენკო - კაშჩუკი, ოჩერეტკო, იარმოლენკო, სუდაკოვი - სიკანი, იერემჩუკი;
საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, გაგნიძე - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე - მიქაუტაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…