ბათუმში, ვარდების ბაღისა და კიდევ 3 სკვერის ქვეშ მერია პარკინგის მოწყობას გეგმავს
ბათუმის მერია ვარდების ბაღისა და კიდევ სამი სკვერის ქვეშ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც პროექტების საერთო ბიუჯეტად 108 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ბათუმში, მერიასთან ახლოს, ვარდების ბაღის ქვეშ, მერია პარკინგის მოწყობას გეგმავს, ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაწერეს და შესაბამისი დაფინანსებაც გაითვალისწინეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილმოწყობილი სკვერი მრავალწლიანი ნარგავებით უნდა აყარონ და ადგილი პარკინგის სივრცის მოსაწყობად ამოთხარონ. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სანამ ვარდების სკვერში დასასვენებლად იქნებით, ან ბავშვის გასეირნებას გადაწყვეტთ, იქ ინტენსიურად იმოძრავებენ ავტომანქანები. შესვლა-გამოსვლის ორგანიზებას იქ ალბათ დამატებითი ინფრასტრუქტურაც დასჭირდება.
ეს მას შემდეგ, როცა სამუშაოები დასრულდება, ისე კი პროექტი მრავალწლიანია და მინიმუმ 2 წელი უნდა გაგრძელდეს.

ვარდების სკვერი ბათუმის მერიის წინ გაშენებულია 3051 კვ.მეტრზე

ვარდების სკვერი
რამდენად მოსახერხებელი იქნება ასეთ შემთხვევაში სარეკრეაციო სივრცის რეალური ფუნქციის შენარჩუნება, ჯერ არ ვიცით, მომავალში გამოჩნდება – თუ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს და 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს მიწისქვეშა [სკვერებისქვეშა უფრო სწორი იქნებოდა] პარკინგების პროექტებთან ერთად დაამტკიცებს.
პროექტებთან ერთად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის. ანუ, მხოლოდ ვარდების სკვერის ამოთხრას არ გეგმავენ მომავალ წელს.

ვარდების სკვერში, დღეს 17 ნოემბერს სკამების განახლების პროცესი მიმდინარეობდა
მერია პარკინგის მოწყობას კიდევ 3, სკვერის ქვეშ გეგმავს, მათ შორის არის უმაღლეს საბჭოსთან კეთილმოწყობილი, შადრევნებიანი სკვერი. ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია სკვერის აყრა პარკინგის მოწყობა და შემდეგ მისი აღდგენა. ამ სკვერის და შადრევნების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარია დახარჯული.

სკვერი უმაღლესი საბჭოს შენობასთან
მერია პარკინგის მოწყობას ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებული სკვერის ქვეშაც გეგმავს.

სკვერი უნივერსიტეტთან
მიწის ზედა პარკინგის მოწყობაა დაგეგმილი ასევე რუსთაველის #49-ში, დელფინარიუმის მიმდებარედ.

აქ სავარაუდოდ აითვისებენ ადგილს, რომელსაც ამ დრომდეც პარკინგისთვის იყენებდნენ, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო გამართული.
მიწის ზედა პარკინგის მოწყობა დაგეგმილი აქვთ ასევე ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა.
მერიის ინფორმაციით, ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი 108 მილიონ 607 200 ლარია. როგორც ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, მერია ჯერ დეტალური საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტის შესყიდვას გეგმავს, შემდეგ კი ტენდერს სამუშაოების შესრულებაზე გამოაცხადებენ.
2027 წლის გეგმა 27 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე არ ვიცით მერია ერთობლივი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს თუ ცალ-ცალკე შეიყიდის, როგორც საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო, ისე შესასრულებელ სამუშაოებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…