10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდა
ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის მოსაკრებლის სახით 10 თვეში 24 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტია.

10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებლის სახით, ბათუმის ბიუჯეტში 24 მილიონ 175 300 ლარი შევიდა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ბათუმში უპრეცედენტო ოდენობის ნებართვა გაიცა ან უპრეცედენტო იყო კ2 კოეფიციენტით გაზრდილი ფართობების მოცულობა.
თანხა, 2025 წელთან შედარებით, ფაქტობრივად გაოთხმაგდა – შარშან, 10 თვეში მშენებლობის მოსაკრებელმა ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონ 187 600 ლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს, იმავე პერიოდში, 1 მილიონ 903 900 ლარი იყო.
მშენებლობის მოსაკრებელი ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ ნაწილშია ასახული.
2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 10 თვეში 115 მილიონ 908 500 ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი შეადგინა, ეს გეგმის 114 პროცენტია.
სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 33.9%-ს შეადგენს.
ათ თვეში „სხვა შემოსავლების“ ნაწილში საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 10, პროცენტებიდან კი 8 მილიონი ლარი. რენტის სახით, ანუ გაქირავებიდან ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შევიდა.
ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით, საერთო ჯამში, ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი აისახა, მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებელიც. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა კი 53 მილიონ 979 ათასი ლარი შეადგინა.
ადგილობრივი მოსაკრებლის სახით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებიდან 4 მილიონ 934 500 ლარი ამოიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მერიამ ამ კონკრეტული მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი გაზარდა, რაც წინა წლებში მერიისთვის გამოწვევა იყო.
სანქციების, ჯარიმების და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონ 989 7 ათასი ლარი.
ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 2 დღის წინ, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე კი ბიუჯეტის საჯარო განხილვაა ჩანიშნული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…