პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2026 წლის ბოლომდე ფაქტორინგის რეესტრი შეიქმნება, რაც ბიზნესს თანხებზე წვდომას გაუადვილებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“. პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის სერვისები გააცნო, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.
„ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ნიშნავს სამართლებრივად დაცულ საკუთრებას, პროგნოზირებად წესებსა და მომსახურებას, რომელიც მეწარმეს დროსა და რესურსს უზოგავს. ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგები აქვს თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესასისტენტი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა მობილური ტელეფონით, „გონიერი კონტრაქტი“ და უძრავი ქონების ტოკენიზაცია.
პაატა სალიას განცხადებით, სერვისების მოქნილობა ზრდის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს; ამ პოტენციალის რეალიზებისთვის კი, გადამწყვეტია უფლებების მკაფიო განსაზღვრა, ინვესტორთა დაცვა და ბიზნესის საჭიროებებთან შესაბამისობა; დავებისა და ფინანსურ-სამართლებრივი რისკების მართვის დამატებით მექანიზმებს კი, ბიზნესს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სანოტარო სისტემის სერვისები სთავაზობს.
მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ფაქტორინგის რეესტრის შექმნა, რაც ბიზნესს ფულად სახსრებზე წვდომას გაუადვილებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, გავუმარტივოთ ბიზნესს საქმიანობა და მეწარმემ თუ ინვესტორმა მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში“ ბიზნესასოციაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…