[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო. ჯვაროსნებს ტურნირზე გოლი ჯერ არ გაუტანიათ და 2 ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან.
ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უნგრეთთან მარცხი განიცადა - 0:2.
ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ტრავმირებული კვარაცხელიას და კიტეიშვილის, აგრეთვე დისკვალიფიცირებული ქოჩორაშვილის გარეშე იასპარეზა, თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა. სტუმრები კონტრიერიშებით გვპასუხობდნენ - შალაის დარტყმული მამარდაშვილმა მოიგერია, ერთ ეპიზოდში დვალმა გადაგვარჩინა. მერე ლოჩოშვილის გატანილზე თამაშგარე დაფიქსირდა. წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კვერნაძემ თავით ვერ გადაგზავნა ტოტის კარში და პირველი ტაიმი დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მიქაუტაძემ დრიბლინგი გოლით ვერ დააგვირგვინა, მწვრთნელმა სვანაძემ წიტაიშვილი დავითაშვილით შეცვალა, ჩაწოდებული კუთხურისას ორბანის თავური ზედ კარის ხაზიდან გაგნიძემ გამოიტანა. გოგლიჩიძის ჩაჭრილი ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, მერე კი მადიარები დაწინაურდნენ - კუთხურიდან სობოსლაის ჩაწოდებული ბურთი შალაიმ თავით დაარტყა და დვალისგან რიკოშეტით გაიტანა. სვანაძემ ჩაკვეტაძის, დვალის და გაგნიძის ნაცვლად მოედანზე ზივზივაძე, აზაროვი და იეგოიანი შეუშვა. მერე სობოსლაის პასით მამარდაშვილის კარი ვარგამ დალაშქრა და წავაგეთ.
"ჯვაროსნებს" ტურნირზე ჯერ გოლი არ გაუტანიათ და 2 ქულით აუტსაიდერები არიან.
დღეს ამავე მეორე ჯგუფში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა დაუპირისპირდებიან.
ბოლო ტური 17 ნოემბერს ჩატარდება - უკრაინა საქართველოს, უნგრეთი კი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - უნგრეთი 0:2
გოლები: 0:1 დვალი (73, საკ. კარში), 0:2 ვარგა (85)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი (აზაროვი 77), ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გაგნიძე (იეგოიანი 77), მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 77), კვერნაძე (გულიაშვილი 90), წიტაიშვილი (დავითაშვილი 63), მიქაუტაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…