ირაკლი ფავლენიშვილი - ლევან ხაბეიშვილის „კალიბრის“ პოლიტიკური ფიგურის წამება თვითშემოქმედებით არ ხდება და ამაზე ძალოვანი მინისტრების მხრიდან არსებობს ხოლმე მწვანე შუქი - ამ დანაშაულზეც რეალური შედეგი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დადგება
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის წამება მაღალპოლიტიკურ დონეზე დაიგეგმა, გასამართლებული სპეცრაზმელები უბრალო შემსრულებლები არიან და პასუხისმგებლობა ძალოვან მინისტრებსაც ეკისრებათ. სასამართლომ ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წელი მიუსაჯა.

ლევან ხაბეიშვილის „კალიბრის“ პოლიტიკური ფიგურის წამება თვითშემოქმედებით არ ხდება და ამაზე ძალოვანი მინისტრების მხრიდან არსებობს ხოლმე მწვანე შუქი და პირდაპირი ინსტრუქცია - როგორც ყველა სხვა დანაშაულზე, ამ დანაშაულზეც რეალური შედეგი ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დადგება,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „ეს არ გახლავთ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება“.
„ვიხილეთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თითქოს დასაჯა ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ლევან ხაბეიშვილის არა უბრალოდ ცემაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, არამედ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. ეს ადამიანები უბრალოდ შემსრულებლები არიან, რომლებიც რეჟიმმა გაწირა როგორც წარსულში ბევრი გაწირეს, აწმყოშიც ბევრს გაწირავენ და მომავალშიც ბევრს გაწირავენ.
სინამდვილეში კი, ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, თუ ვინ იღებდა მის წამებაში მონაწილეობას. ეს წამება საათების განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ათეულობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, [იმ დროისთვის] განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ზვიად ხარაზიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. შეუძლებელია, ეს გდდ-ს კონკრეტული ჯგუფის ან ცალკეული ადამიანების თვითშემოქმედება ყოფილიყო.
ეს მაღალპოლიტიკურ დონეზე იყო დაგეგმილი. ეს არ გახლავთ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ათეულობით ადამიანს, ვინც წამებაში იღებდა მონაწილეობას, ასევე [იმ ღამინდელ] შს მინისტრსა და სხვა პოლიტიკურ პირებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში. რადგან ლევან ხაბეიშვილის „კალიბრის“ პოლიტიკური ფიგურის წამება თვითშემოქმედებით არ ხდება და ამაზე ძალოვანი მინისტრების მხრიდან არსებობს ხოლმე მწვანე შუქი და პირდაპირი ინსტრუქცია.
როგორც ყველა სხვა დანაშაულზე, ამ დანაშაულზეც რეალური შედეგი ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დადგება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…