2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 690 მლნ ლარით იზრდება, რის ერთ-ერთ მიზეზად ინფლაცია სახელდება. ამასთან, 25%-ით იზრდება ჯარიმებიდან ამოსაღები თანხაც, ხოლო ასაღები საგარეო ვალი მცირდება.

პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები ₾690 მლნ-ით იზრდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია გახდა. საგადასახადო შემოსავლების გარდა, 25%-ით, 200-დან 250 მლნ-მდე იზრდება ჯარიმებიდან ამოსაღები თანხის მოცულობაც.
შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად) არც თუ ისე დიდი მოცულობით ₾60 მლნ-ით ₾30.8 მლრდ-მდე იზრდება, რაც მხოლოდ 0.2%-იანი მატებაა. უფრო საინტერესო სტრუქტურული ცვლილებაა, ცვლილებების თანახმად, ასაღები ვალის ოდენობა ₾5.1 მლრდ-დან ₾4.3 მლრდ-მდე მცირდება, ამ სხვაობას კი ძირითადად გადასახადებიდან ამოსაღები თანხის ₾690 მლნ-ით ზრდა აბალანსებს.
საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ. ლარი)წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიზეზები
გადასახადები ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხაზინას 75-80 პროცენტით ავსებს. საქართველოში სულ 6 სახის გადასახადი მოქმედებს (საშემოსავლო, დღგ, აქციზი, მოგების, იმპორტისა და ქონების) მათგან პირველი ხუთი საერთო სახელმწიფოებრივია, ხოლო ქონების გადასახადი ადგილობრივია, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მიემართება. ცხრილში ნაჩვენები „სხვა გადასახადები“ ცალკე სახეობა არაა, იქ აკუმულირებული თანხები შემდეგ დანარჩენი სახის გადასახადებზე ნაწილდება.
ქართულ ოცნებაში ზრდას დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ, რაც ნაწილობრივ ასეცაა, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად 7.4%-ით გაიზარდა. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი ინფლაციაა. იანვარ-ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-ის ნაცვლად 5.4%-ით გაიზარდა.
დღგ
პროდუქციის უმეტესობა დღგ-თი იბეგრება. მოხმარების შეუცვლელად, თუ X ნივთის ფასი (დღგ-ს გარეშე) 1 ლარია, ბიუჯეტში 18 თეთრი იქნება გადასარიცხი, ხოლო თუ ფასი 1.5 ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტში გადარიცხული თანხის მოცულობაც შესაბამისად 27 თეთრს გაუტოლდება.
2026 წლის აპრილიდან მოყოლებული ინფლაცია 5%-ს აღემატება და ოქტომბერში 5.9%-ს მიაღწია. ზოგიერთი დასახელების ფართო მოხმარების პროდუქტზე ინფლაცია საშუალო მაჩვენებელს 5-ჯერ ან სულაც 10-ჯერაც აჭარბებს. რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც საავტომობილო საწვავია.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბენზინი 37% და დიზელი 61%-ით გაძვირდა. საწვავი არაელასტიკურ პროდუქტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ზრდისას მოხმარება ან არ მცირდება, ან მცირდება, მაგრამ ბევრად ნაკლები მოცულობით. 2025 წელს საქართველოში 1.8 მლრდ ლიტრი ბენზინი და დიზელის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საშუალო ფასი ლიტრზე 3 ლარს შეადგენდა. რა ფასი იქნება 2026 წელს უცნობია. საწვავმა გაძვირება მარტიდან დაიწყო, მაგრამ ერთ დღეში 3-დან 5 ლარამდე არ გაზრდილა. წელიწადი არ დასრულებულა, ამასთან, გასაშუალოებულ ფასში არაბრენდული სადგურების ფასებიც იანგარიშება, სადაც საწვავი უფრო იაფია. მიახლოებითი დათვლით, საშუალო ფასად 4 ლარი რომ ვიანგარიშოთ, დღგ-დან შესული თანხა 33%-ით გაიზრდება. ეს იმავე მოცულობით შესყიდვაზე ₾275 მლნ-იან ზრდას ნიშნავს. რიცხვი პირობითია, შესაძლოა საშუალო ფასი ₾3.90 გამოვიდეს, ან ₾4.15. ამასთან, 6 თვეში მცირედით მაგრამ მაინც მოხმარების კლებაც დაფიქსირდა. მოხმარების კლება სავარაუდოდ წლიურადაც დაფიქსირდება, მაგრამ ის კლება განახევრება არ იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრინციპი იგივეა, საავტომობილო საწვავზე დარიცხული დღგ-თი 2026 წელს 2025 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი თანხა იქნება გადახდილი.
აქციზი
პროცენტულად კიდევ უფრო მეტად იზრდება აქციზიც. აქციზი ფასზე მხოლოდ სიგარეტის შემთხვევაშია დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში ის ფიქსირებულია. 1 ლიტრ ბენზინზე აქციზი 37 თეთრია, მაშინაც თუ ის 2 ლარი ღირს და მაშინაც თუ ფასი 5 ლარს გაუთანაბრდება. 2026 წელს აქციზი დამატებით გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე, ასევე მკვეთრად გაძვირდა 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილის განბაჟებაც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქციზის საფასურის გაზრდის გამო ფინანსთა სამინისტროში მოხმარების ზრდის შენელებას ელოდებოდნენ და ბიუჯეტი უფრო კონსერვატიულად დაგეგმეს.
მოგების გადასახადი
რაოდენობრივადაც პროცენტულადაც ყველაზე მეტად მოგების გადასახადიდან მისაღები თანხის მოცულობა იზრდება. პირველ სამ კვარტალში ბანკების მოგება თითქმის ₾480 მლნ-ით გაიზარდა. ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20%-ს შეადგენს და მათზე ესტონური მოდელი არ ვრცელდება, ანუ იბეგრება როგორც განაწილებული, ასევე რეინვესტირებული მოგება. მხოლოდ ხსენებული 480 მლნ-იანი მოგების ზრდით, მოგების გადასახადი 96 მლნ-ით გაიზრდებოდა.
6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40-დან 47 მლრდ ლარამდეა გაზრდილი სათამაშო ბიზნესის ბრუნვაც. ამ თანხიდან მოგება რამდენია ჯერ უცნობია. 2025 წელს სექტორმა მოგების გადასახადის სახით ₾833 მლნ გადაიხადა.
საშემოსავლო
საშემოსავლო გადასახადი დაგეგმილთან შედარებით მხოლოდ 1%-ით იზრდება, რაც რეალური ხელფასების ზრდის ტემპის კლებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. 2026 წლის მეორე კვარტალში, მუდმივ ფასებში დათვლილი ხელფასები მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, მათ შორის არასახელმწიფო სექტორში 1%-ით. ამასთან პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით შემცირდა (ქართულ ოცნებაში მას დასაქმების ფიქციური პროგრამის გაუქმებას უკავშირებენ) მეორე კვარტალში დამატებით 1.1 ათასით.
ხელფასიდან დაქვითული 20%-ის გარდა, საშემოსავლო ფიზიკური პირების მიერ მიღებული დივიდენდებიდან, იჯარიდან და სხვა ეკონომიკური საქმიანობებიდანაც გროვდება, თუმცა ხელფასიდან დაქვითული თანხაა და მისი წილი 2025 წელს 84%-ს შეადგენდა ₾7.5 მლრდ-დან ₾6.3 მლრდ-ს.
იმპორტის გადასახადი
საქართველოს ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის, ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებული ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. სხვა სახელმწიფოებთანაც პროდუქციის დიდ ნაწილზე მნიშვნელოვანი შეღავათები მოქმედებს, რის გამოც გადასახადებში იმპორტის გადასახადის წილი 0.7%-ზე ნაკლებია და თანხობრივად მისი 10 მლნ-ით ზრდაც არაარსებითია.
ვალდებულებების ზრდა, პრივატიზაცია, გრანტები და ჯარიმები
ბიუჯეტის არსებული ვერსიით, 2026 წელს ასაღები ვალის მოცულობა ₾5.1 მლრდ-ია, საიდანაც საშინაო ვალის წილი ₾1.8 მლრდ-ია და საგარეოსი ₾3.3 მლრდ. ცვლილებების პროექტით, ასაღები ვალის მოცულობა ₾4.3 მლრდ-მდე მცირდება. კლება მთლიანად საგარეო ვალზე მოდის (მცირდება 3.3-დან 2.5 მლრდ-მდე). ასაღების გარდა, 2.9-დან 2.8 მლრდ-მდე დასაფარი ვალის მოცულობაც მცირდება, ცვლილება ამ შემთხვევაშიც საგარეო ვალდებულებებს ეხება.
პრივატიზაციიდან მისაღები თანხების ოდენობა 200-დან 230 მლნ ლარამდე იზრდება, გრანტები პირიქით 346-დან 303 მლნ-მდე მცირდება. ცვლილებების თანახმად, 25%-ით 200-დან 250 მლნ ლარამდე იზრდება ჯარიმებისა და საურავებისგან მისაღები თანხების მოცულობაც.
სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…