კახა კახიშვილი დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე - შოკისმომგვრელი ამბავია - არ არსებობს ასეთი რამ, რომ პატიმრის თხოვნის საფუძველზე მომხდარიყო საკანში შესახლება
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ პატიმრის თხოვნით საკანში შესახლება უკანონოა და დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიების დაწყება შოკისმომგვრელი ამბავია.

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც სპეკულირებას დაიწყებენ ამ ერთი კონკრეტული საქმის გამო. ახლა ამ ამბის ვაჭრობის საგნად ქცევას დაიწყებს ყველა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კახიშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარს მისი მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტულ საკანში ვერ მოათავსებდნენ, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია.
„შოკისმომგვრელი ამბავია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა რთული სამართავია პენიტენციური სისტემა და როგორი რთული ადმინისტრირება ხდება, ზუსტად ასეთ ინციდენტებს რომ არ ჰქონდეს ადგილი.
არ არსებობს ასეთი რამ, რომ პატიმრის თხოვნის საფუძველზე მომხდარიყო საკანში შესახლება. ამას კანონის საფუძვლები არ აქვს. არ ვიცი რა მოხდა, ახალგაზრდა კაცია [გიორგი პატარიძე], ოფიცერი ადამიანია და, ფაქტობრივად, საკუთარი თავიც დაღუპა ამ გადაწყვეტილებით, რასაც ჩვენ პროკურატურისგან ვისმენთ. მეორე საკითხია, დაუმტკიცებენ თუ არა ამას, მაგრამ კონკრეტულად ოფიცრისთვის, ამხელა თანამდებობის პირისთვის ბრალის წარდგენა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა არის, გარდა იმისა, რომ რეპუტაციულია.
ფაქტია ისიც, რომ პროკურატურამ განაცხადა, ამ გენერალური დირექტორის მითითებით, მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა განათავსა [პატიმარი საკანში]. ერთის მხრიდანაც დარღვევაა და მეორე მხრიდანაც.
ერთია, რომ მან შეიძლებოდა, არ იცოდა ან, პირობითად, არ ჰქონდა შესაბამისი ცნობა, მაგრამ მეორეა, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ვალდებულია ახსნას, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს სისტემა, როცა ასეთი რაღაც მოხდება. რატომ არის, რომ სისტემაში იზოლირებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და ცალკე დაწესებულებაში არიან? იმიტომ, რომ მათი გავლენა უფრო არ გაფართოვდეს ღია ტიპის დაწესებულებაში. შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, შეიძლება ისეთ საკითხთან გქონდეს საქმე, რომელიც არ იცი, განათავსე და მერე რაღაც მოხდა, ეს შეცდომაა, მაგრამ როდესაც პროკურატურა აპელირებს, რომ ეს წინასწარ შეთანხმებითა და მითითებით მოხდა, აქ უკვე სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქ უკვე განზრახვაზეა საუბარი.
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც სპეკულირებას დაიწყებენ ამ ერთი კონკრეტული საქმის გამო. ახლა ამ ამბის ვაჭრობის საგნად ქცევას დაიწყებს ყველა”, - განაცხადა კახიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში, ღარიბაშვილის წერილების საფუძველზე მას პროკურორი გაესაუბრება. კახიშვილმა ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზეც, რომ ყოფილ პრემიერს არ ეძლეოდა შვილების ნახვის საშუალება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა შეეძლოს ერთ მაღალჩინოსანს, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს, სასამართლოდან ლაივები ჩართოს, როდესაც ეს კანონით აკრძალულია, მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს საკუთარ შვილებს არ ანახებენ.
„ჩემთვის გაუგებარია ისეთი საკითხით ვაჭრობა, რასაც ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქვია. მაშინ, როდესაც ერთი მაღალჩინოსანი 24-საათიან ლაივებს რთავს სასამართლოდან, ამ დროს კი მეორე ან მესამე [გრიგოლ ლილუაშვილს] მაღალჩინოსანს არ აძლევ უფლებას, შეხვდეს საკუთარ შვილებს, როდესაც კანონში არის ჩანაწერი, რომ შენ გაქვს უფლება, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელს, დამატებით მისცე პაემანი. თუ რაიმე ქმედებისთვის სჯი, მაშინ ის გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სახეზე, თუ რატომ სჯი, რა დაარღვია…
როდესაც ამ საკითხით იწყება ვაჭრობა, რაც გინდა დამნაშავე იყოს, მაინც გიჩნდება სოლიდარობის განცდა.
რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს ღარიბაშვილის განცხადებებზე. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში პირდაპირ არის მუხლი, რომელიც ავალდებულებს საგამოძიებო სტრუქტურას, დაიწყოს გამოძიება იმ დროს, თუ ზეპირსიტყვიერ განცხადებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მხოლოდ განცხადება და მხოლოდ „მოდი, დამკითხე” არ არის საჭირო. კაცმა ხუთჯერ თქვა, შესაბამისად, ცალკე თხოვნა არ სჭირდებოდა.
კარგია, რომ პროკურატურა მიდის ახლა ღარიბაშვილთან. იმედს ვიტოვებ, რომ დეტალურად დაიკითხება და ეს ადამიანი იტყვის თავის სათქმელს და რაც მთავარია, რასაც იტყვის, მას შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურ აქსიომად ვერ იქცევა, მაგრამ შემდეგ გამოძიებამ უნდა დაიწყოს ამ განცხადებების ან მტკიცებულებითი ტვირთით აღჭურვა ან კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენა, რომ ერთმანეთთან შეუსაბამოა და ფიზიკურად შეუძლებელია. ყველა შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებები დასაწყებია”, - განაცხადა კახიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…