მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე, აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის განცხადებით, ინდივიდუალური დანაშაული პარტიას ვერ შეერაცხება, თუმცა თუ ქვეყანაში დანაშაულის დაუსჯელობაა, ეს მმართველი ძალის პოლიტიკის ასპექტია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა.
გოცირიძის განმარტებით, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ინსტიტუციებია, თუმცა მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, მიხეილ სააკაშვილი კი ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, ისე მმართველი პარტიის ლიდერს.
ევა გოცირიძის განცხადებით, ინდივიდუალური დანაშაული პარტიას ვერ შეერაცხება, თუმცა განსხვავებული ვითარებაა, როდესაც პარტიის პოლიტიკა დანაშაულის მიმართ შემგუებლურ დამოკიდებულებასა და დაუსჯელობის პრაქტიკას გულისხმობს.
"ზოგადად, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ცნებები და ინსტიტუციებია, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მმართველ პარტიაზე, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც განახორციელებს სახელმწიფოში. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, ქვეყანაში სხვა წყობა იყო - ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც, ვიცით, რომ პრეზიდენტი ერთდროულად სახელმწიფო მეთაურიც არის და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. ამავდროულად, პრეზიდენტს არ ეკრძალებოდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის წევრი და ლიდერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, იმავდროულად იყო სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. აი, ეს მოცემულობა, აბსოლუტურად უდავო მოცემულობა, არ გვაძლევს იმის საკმარის საფუძველს, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, იმავდროულად შეერაცხოს მმართველ პარტიას. და მეორე, რაც შეეხება ინდივიდუალურ დანაშაულს, ცხადია, ინდივიდუალური დანაშაული არ შეიძლება შეერაცხოს პარტიას, მაგრამ თუ პარტიის პოლიტიკა არის შემგუებლური დამოკიდებულება და დაუსჯელობის პრაქტიკა, ასეთ დროს სრულიად სხვაგვარი ვითარება წარმოიშობა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ, როგორც წინა გამოსვლაში აღვნიშნე, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. თუ არის დაუსჯელობა ქვეყანაში დანაშაულის, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი", - განაცხადა გოცირიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…