პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

AXIOS: აშშ რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის წარდგენას სთხოვს

ნატო

AXIOS-ის ცნობით, აშშ-მა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი წინადადების შემუშავება სთხოვა, რაც დაძაბულობის შესამცირებლად მოსკოვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

AXIOS: აშშ რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის წარდგენას სთხოვს
იმედინიუსი

აშშ-მა რუსეთს მიმართა თხოვნით, ევროპასთან უსაფრთხოების სამომავლო შეთანხმების ახალი წინადადება შეიმუშაოს, რომელიც კონტინენტზე დაძაბულობის შესამცირებლად მოსკოვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გაითვალისწინებს. ინფორმაციას AXIOS-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, წლების განმავლობაში რუსეთი ევროპასთან ისეთი უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, რომელიც ნატოს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნას შეამცირებდა. აშშ წარსულში მოსკოვის ამ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში, ამ საკითხების გარკვეული ფორმით განხილვა დაუშვას.

ამასთან, ევროპის არაერთი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომის მიმართ სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან და მას ვაშინგტონის თხოვნას კიდევ ერთხელ გააცნობენ. აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ისინი პუტინს ასევე მოუწოდებენ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელ წარმომადგენლებს მონაწილეობის უფლება მისცეს.

მოსკოვიდან კუშნერი და უიტკოფი, სავარაუდოდ, დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ხუთშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

აბუ-დაბის 10-11 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის წინადადება იყო, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნას ითვალისწინებს, წერს გამოცემა.

მოლაპარაკებებში მონაწილე წყაროების ცნობით, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს, რომელშიც რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთებები იყო ჩამოთვლილი, პასუხი არ გასცა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მათ მოსკოვს შესთავაზეს, შეემუშავებინა ახალი წინადადება, რომელშიც ასახული იქნებოდა რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთებები და მოთხოვნები, თუმცა ამასთანავე განსაზღვრული იქნებოდა, რა „სარკისებური ნაბიჯების“ გადადგმას აპირებს თავად რუსეთი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში მასზე თავდასხმას არ გეგმავს.

კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს ასევე განუცხადეს, რომ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზული მსჯელობისთვის აუცილებელია, მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას დათანხმდეს.

„რუსებს ვუთხარით, რომ მათ აქვთ საკუთარი სურვილები და შიშები, თუმცა დაძაბულობის შესამცირებლად განსხვავებული ნაბიჯებისა და წინადადებების შეთავაზებაც მოუწევთ, თუ სურთ, რომ ევროპამ ეს წინადადებები დადებითად მიიღოს“, - განაცხადა კუშნერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Washington Post: ჯარედ კუშნერი ევროპაში ომის შემდგომი უსაფრთხოების ფართო შეთანხმებების განხილვისას ნატო-რუსეთის საბჭოს მოდელს ეყრდნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები