"ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ" - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში მიემგზავრებიან, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ჩართვაზე პუტინის თანხმობა მოიპოვონ
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში მიემგზავრებიან, რათა პუტინის თანხმობა მოიპოვონ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვაზე. კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში მხარეები ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე უკვე შეთანხმდნენ.

აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, საბოლოო რიცხვები მოგვიანებით დაზუსტდება, აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური პირები.
როგორც Politico წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები ხუთშაბათს პირადად გაემგზავრებიან მოსკოვში, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვონ "კურთხევა", რომ ევროპის წარმომადგენლებს უკრაინის შესახებ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის უფლება მიეცეთ.
ჯარედ კუშნერმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, რომელიც აბუ-დაბიში მოლაპარაკებებში შუამავლობდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის ლიდერთან შესახვედრად გაემგზავრებიან. მათი მიზანია შეათანხმონ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი და მოიპოვონ პუტინის თანხმობა, რომ ევროპამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიიღოს.
"ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ", - განაცხადა კუშნერმა POLITICO-ს კითხვის საპასუხოდ.
"ჩვენ პრეზიდენტ პუტინსა და მის გუნდს რამდენჯერმე პირდაპირ გადავეცით, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის ერთადერთი გზა მათი ჩვენ გვერდით ყოფნაა და ვფიქრობ, მათ ამის მიმღებლობა აქვთ".
"ვიმედოვნებ, ხვალ მოსკოვში სტივი და მე წარმატებას მივაღწევთ და პრეზიდენტი პუტინი ამის განხორციელებაზე კურთხევას გასცემს. ვფიქრობ, თუ ის ამას დათანხმდება, ჩვენ შევძლებთ გაცილებით მეტი პროგრესის მიღწევას მნიშვნელოვან საკითხებზე".
კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება. რიცხვები ხუთშაბათს დადასტურდება, დასძინა მან.
მისივე თქმით, მთლიანობაში, აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები შინაარსიანი და რთული იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…