რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 121,3 მილიონი ევროს დაფინანსება და თავდაცვის სფეროს მხარდაჭერა შეჩერებულია, თუმცა მოქალაქეებისთვის პროგრამები გრძელდება.

ევროკავშირმა საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის’’ საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ორმხრივი ფინანსური დახმარება შეაჩერა, ხოლო მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა გრძელდება. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება 2026 წლისთვისაც, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის გაფართოების ბოლო ანგარიშში. ამასთან, ევროპის მშვიდობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში შეჩერებულია ევროკავშირის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროშიც. ასევე, შეჩერებულია ევროკავშირის ახალ პროგრამებთან საქართველოს ასოცირება.
რა ფინანსური მხარდაჭერა და პროგრამები შეაჩერა ევროკავშირმა?
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების ფონზე ევროკავშირის მიერ ორმხრივი ფინანსური დახმარების საკითხი გადაიხედა. 2024 წლიდან, „სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის - გლობალური ევროპის 2021–2027“ (NDICI-GE) ფარგლებში, შეჩერებულია 121,3 მილიონი ევროს ოდენობის ორმხრივი დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის განმარტებით, შეჩერებული დაფინანსება თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და მოიცავდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ მხარდაჭერას, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას. შეჩერებული თანხები სხვა მიმართულებებზე გადანაწილდება, მათ შორის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
ამასთან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვა მხოლოდ ორმხრივი დაფინანსებით არ შემოიფარგლება. 2024 წლიდან შეჩერებულია საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ახალ პროგრამებთანაც.
ევროკავშირის მხარდაჭერა შეჩერებულია თავდაცვის სფეროშიც. კერძოდ, „დემოკრატიული უკუსვლის გამო, 2024 წლიდან შეჩერებულია ევროპის მშვიდობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის დახმარების გაწევა, ხოლო 2025 წელს ქვეყანას ამ მექანიზმით ახალი დაფინანსება არ მიუღია’’- ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021-2023 წლებში ევროკავშირმა ევროპის მშვიდობის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 62,75 მილიონი ევრო გამოყო. თანხა მოხმარდა სამედიცინო, საინჟინრო, ლოგისტიკური და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.
რა ფინანსური მხარდაჭერა და პროგრამები გრძელდება?
ევროკავშირის განმარტებით, ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარების შეჩერების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობისთვის მხარდაჭერა გრძელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, კლიმატური მდგრადობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ნდობის აღდგენა.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის პროგრამებში 2014 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად ქვეყანა ჩართულია ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „ჰორიზონტი ევროპა“, „შემოქმედებითი ევროპა“, EU4Youth-ი, საბაჟო პროგრამა, Fiscalis-ი და შავი ზღვის აუზის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროგრამა Interreg-ი.
მიუხედავად ახალი პროგრამების მიმართ შეზღუდვისა, საქართველოს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ „Erasmus+’’-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული გარკვეული აქტივობებით.
ევროკავშირის პოზიცია: როგორ შეიძლება პროცესის განახლება?
ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლება დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე. ევროკავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეიძლება განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის პოლიტიკურ კურსს და დაიცავს ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ პრინციპებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ უფლებებს.
შეგახსენეთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება’’ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე უარს ამბობს ევროკავშირის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…