პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის პარტია დამარცხდა - რას შეცვლის დემოკრატების გამარჯვება ამერიკასა და მსოფლიოში?

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დამარცხდა და კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატებმა მოიპოვეს. ახალი უმრავლესობა აპირებს, შეაჩეროს პრეზიდენტ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგი და დაიწყოს გამოძიება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

ტრამპის პარტია დამარცხდა - რას შეცვლის დემოკრატების გამარჯვება ამერიკასა და მსოფლიოში?
BM.GE

ტრამპის პარტია დამარცხდა. 3 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი განიცადეს და ფაქტობრივად, სრულად დაკარგეს კონტროლი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუტზე.

როგორც ამერიკული მედია წერს, მაღალი ინფლაციით, უნივერსალური ტარიფებითა და ირანის ომით გადაღლილმა ამომრჩეველმა პრეზიდენტს შესაბამისი პასუხი გასცა და ერთგვარი განაჩენიც გამოუტანა.

თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა, თუ რეალურად რა იცვლება ამ მოცემულობით ან რა ძალაღა რჩება ტრამპს? - ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხებს. თუმცა, ჯერ არჩევნების შედეგებს უნდა გავეცნოთ.

როგორია არჩევნების ამჟამინდელი შედეგები?

3 ნოემბრის დილის 6 საათზე, როცა საარჩევნო უბნები გაიხსნა, დემოკრატებს სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 4-4 მანდატი სჭირდებოდათ, თუმცა უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში, როცა შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, ამერიკულ მედიაში სრულად შეწყდა საუბარი "ლურჯების" გამარჯვების ალბათობაზე და ყურადღება იმაზე გადავიდა, თუ რამდენად დიდი იქნებოდა მოგების მასშტაბი. წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს 218-მანდატიანი მყიფე უპირატესობა ჰქონდათ, დემოკრატებმა 228 გარანტირებული ადგილი მოიპოვეს და, NBC-ს პროგნოზით, პოზიციებს 248 მანდატამდე გაიმყარებენ.

სხვათა შორის, ამით ამერიკის ისტორიაში ახალი გვერდიც დაიწერა, რადგან სპიკერის პოსტს პირველად დაიკავებს შავკანიანი პოლიტიკოსი, ნიუ-იორკელი ჰაკიმ ჯეფრისი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სურათი სენატში, სადაც რესპუბლიკელების 53-ადგილიანი ლიდერობა დასრულდა. იქ დემოკრატები სულ მცირე 54 მანდატს იღებენ და დარჩენილ ორ შტატში, ალასკასა და მისისიპიშიც ლიდერობენ.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის, ობამასა და ჰარისი პარტიამ ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა ტრადიციულ რესპუბლიკურ შტატებში.

განსაკუთრებით ტეხასში, სადაც 1988 წლის შემდეგ პირველად, დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ მოქმედი სენატორი, რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა. სამხრეთ კაროლინაში დამარცხდა ლინდსი გრემის მემკვიდრედ შერჩეული მისივე და, დარლინი, რომლის ნაცვლადაც სენატში დემოკრატი ენი ენდრიუსი შევა. ჩრდილოეთ კაროლინაში ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა გაიმარჯვა. მიჩიგანში კი პირველი მუსლიმი სენატორი, აბდულ ელ-საიედი აირჩიეს.

რას ცვლის ეს შედეგები და მთავრდება თუ არა ტრამპის მმართველობა?

მარტივი პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია - ვაშინგტონში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა და ამიერიდან პროცესები მთლიანად ინსტიტუციურ კედლებში გადავა. თეთრ სახლს უამრავი საკანონმდებლო გამოწვევა დახვდება, თუმცა საქმე არც ისეა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ე.წ. კოჭლ იხვად, ანუ უფუნქციო პირად იქცეს.

რას აპირებენ დემოკრატები?

უპირველესად, რაც იანვრიდან, ანუ ახალი კონგრესის დამტკიცების შემდეგ შეიცვლება, იქნება ის, რომ შეჩერდება ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგი. დემოკრატები პირობას დებენ, რომ გააუქმებენ 2017 და 2025 წლების საგადასახადო შეღავათების პროგრამას უმდიდრესი ადამიანებისთვის. რესპუბლიკელები ვეღარ გამოიყენებენ ბიუჯეტის დამტკიცების 51-ხმიან გამარტივებულ პროცედურასაც.

ჰაკიმ ჯეფრისი პირველივე 100 საათში წამოაყენებს ინიციატივებს, რომლებიც, როგორც ის აცხადებს, რიგითი ამერიკელებისთვის ცხოვრების გაძვირების პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული - საუბარია „მედიქეიდის“ სრულფასოვნად აღდგენაზე, რომელსაც $1 ტრილიონის დაფინანსება ტრამპის მოთხოვნით გაეყინა. ასევე ჯანდაცვისა და მწვანე ენერგიის სუბსიდიების დაბრუნებაზე და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე, რაც, მეტწილად მონაცემთა ცენტრების მშენებლობას შეიძლება შეეხოს.

ამას გარდა, ჩაკ შუმერის ხელში გადასული სენატი სრულად შეაჩერებს ტრამპის მიერ წამოყენებული პირების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას. შესაბამისად, ვეღარცერთ ახალ მინისტრს ან FBI-სა და CIA-ს ხელმძღვანელს უპირობოდ, პრეზიდენტის სურვილისამებრ ვეღარ დაამტკიცებენ.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ რადგან 2027 წლის იანვრიდან ყველა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი იქნება, ისინი სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნიან მოთხოვნებს, გამოითხოვენ მილიონობით დოკუმენტს და დაიწყებენ ტრამპისა და მისი გარემოცვის ერთპიროვნული მმართველობის გამოძიებას.

სხვათა შორის, უკვე ცნობილია სამიზნეებიც. კერძოდ, ირანის ომის პერიოდში სამხედრო კომპანიებთან შესაძლო დადებული კორუფციული გარიგებები, განზრახ დაწყებული სპეკულაციები ტარიფებით სარგებლის მისაღებად, ტრამპის ოჯახის საეჭვო კრიპტობიზნესი, ილონ მასკის სახელმწიფო კონტრაქტები, ჯეფრი ეპშტეინის ფაილები და თვით პიტ ჰეგსეთის საქმიანობა. ამერიკელი თავდაცვის მდივნის, რომელსაც ოპოზიციური მედია პენტაგონის დატოვებას იმპიჩმენტით ან გადაყენებით უწინასწარმეტყველებენ.

რისი უფლება დარჩება ტრამპს?

არჩევნების ახლახან დამდგარი შედეგები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ეპოქაც სრულად მთავრდება. ამერიკა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, ტრამპს დარჩება ვეტოს უფლება, რომლის დასაძლევად საჭირო ხმების ორი მესამედი არც პალატაში და არც სენატში დემოკრატებს არ აქვთ. შესაბამისად, პრეზიდენტი კვლავ ერთპიროვნულად გააგრძელებს აღმასრულებელი ბრძანებულებების გამოქვეყნებას, სანქციებისა და ტარიფების გამოცხადებას.

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის ფისკალურ ბიუჯეტზე რესპუბლიკელებმა იმუშავეს და 11 დეკემბრამდე რესპუბლიკელებივე დაამტკიცებენ, ე.წ. შათდაუნებს ჯერ არ უნდა ველოდოთ, თუმცა ტრამპთან დაპირისპირება 2028 წლის ფისკალური ბიუჯეტის საკითხის წამოყენებისას დიდ რისკებს შეუქმნის აშშ-ს და მის ეკონომიკას, რომელმაც $14 მილიარდი გასული წლის შემოდგომაზე უკვე იზარალა.

რაც შეეხება ირანსა და უკრაინას - შიდა პოლიტიკური ბლოკადის მიუხედავად, ტრამპს არ გაუქრება საგარეო პოლიტიკაზე გავლენის რესურსი, თუმცა ის მეტად მაინც შეიზღუდება. მას ექნება ომების გამოცხადების უფლება, თუმცა თუ დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ და საჭირო თანხებს არ გამოუყოფენ, რეალურად ვერავითარ კამპანიას ვერ აწარმოებს. ამერიკელი ანალიტიკოსები კი კატეგორიულად გამორიცხავენ "ლურჯების" მიერ პრეზიდენტის მორიგი სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერას. მით უმეტეს, რომ ტრამპის მოქმედებები საწვავისა თუ სურსათის ფასის ზრდას მუდმივად იწვევს.

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ეჭვობენ Berenberg-ის ეკონომისტები, რომ ტრამპი ირანის დაბომბვას წელს კიდევ ერთხელ ცდის, რათა 2027 წლის დასაწყისისთვის თეირანთან მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიციებით შევიდეს და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმების მიღწევა გაუადვილდეს.

აი, კონკრეტულად უკრაინასა და რუსეთს რაც შეეხება, ექსპერტები ამ მხრივ საინტერესო ცვლილებებს ელიან. დემოკრატებით დაკომპლექტებული კონგრესი გააძლიერებს კიევის სამხედრო დახმარებას, გამოყოფს მეტ ფულს და აღარ დაუშვებს ისეთ გარიგებებს, რომლებიც უკრაინის მაგივრად რუსეთს გააძლიერებს.

რაც შეეხება ჩინეთს, ეს ის საკითხია, რომელზეც ანალიტიკოსების მოლოდინით, მტრული მხარეები ერთ აზრს გამონახავენ, რადგან ტექნოლოგიურ შეზღუდვებზე ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ უცვლელი რჩება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მარცხის მიუხედავად ტრამპი ამერიკის ლიდერად დარჩება. პრეზიდენტად, რომელსაც ქვეყნის შიგნით ვეტოების, გარეთ კი ტარიფებისა და სანქციების დაწესების უფლება ექნება.

თუმცა ეს შედეგები ნიშნავს იმასაც, რომ მომდევნო ორი წელი ვაშინგტონში პოლიტიკურად გაცილებით აქტიური იქნება და, ალბათ, სწორედ ეს პერიოდი გამოკვეთს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი კანდიდატებიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6
  1. იმედინიუსისამთავრობოAP: აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოშეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა
  3. BM.GEოპოზიციურიდემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს
  4. TV პირველიოპოზიციურიდემოკრატებმა აშშ-ის კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს - ტრამპის რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი იმით ახსნა, რომ თავად ბიულეტენში არ იყო
  6. ბათუმელებიოპოზიციური„ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეეგუოს კონტროლს“ – აშშ-ში არჩევნებს დემოკრატები იგებენ
  7. იმედინიუსისამთავრობოAP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა
  8. BM.GEოპოზიციურიროგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები
  9. BM.GEოპოზიციური54-44 სენატში და 228-139 ქვედა პალატაში - გამარჯვება აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო შედეგები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის შუალედური არჩევნები - დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატასა და გუბერნატორების არჩევნებში გაიმარჯვეს, ტრამპს ოპოზიციურ კონგრესთან მოუწევს მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები