რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკეს პროექტში?
ევროკომისიის გაფართოების კომუნიკეს პროექტის თანახმად, საქართველოში ფუძემდებლურ საკითხებზე განგრძობადი უკუსვლაა, მმართველი პარტია ქვეყნის ევროინტეგრაციას ძირს უთხრის, შექმნილი ვითარება კი უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის კომუნიკე გაფართოების შესახებ - "უფრო ძლიერი ევროპა გაფართოების გზით", რომელსაც 4 ნოემბერს ევროკომისია ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტებს წარუდგენს.
საქართველოს შესახებ კომუნიკეს ბოლო ნაწილში ვკითხულობთ, რომ გასული წლის განმავლობაში, რომელსაც ევროკომისიის ანგარიში შეეხება, საქართველოში აღინიშნა "განგრძობადი უკუსვლა ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კვლავაც მხოლოდ ჰქვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ის კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდელ პროცესს მოაქვს".
ევროკომისია აღწერს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აფასებს მათ შედეგებს:
"საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით".
ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტი "ქართულ ოცნებას" შეახსენებს "ცხრა ნაბიჯს", რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლდა თან შესასრულებელი რეკომენდაციების სახით:
"სულ უფრო რეპრესიული კანონდებლობის შედეგად, სამოქალაქო სივრცე უფრო მეტად და მწვავედ იზღუდება. საქართველო კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თანმხლებ რეკომენდაციად განისაზღვრა".
კომუნიკეში ნათქვამია, რომ დემოკრატიის უკუსვლის შედეგად შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს, რომელიც აქამდე მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიზღუდა:
"საქართველოს ხელისუფლებამ არ უპასუხა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, რის გამოც ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რამაც საფრთხე შეუქმნა ზოგადად უვიზო რეჟიმს".
დოკუმენტში უკიდურესად კრიტიკულად არის შეფასებული 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების გარემო. აგრეთვე წერია, რომ "სამოქალაქო საზოგადოება ოპერირებს რეპრესიულ გარემოში და წარმოადგენს შემზღუდავი კანონდებლობის სამიზნეს, რაც აძლიერებს მსუსხავ ეფექტს". აღნიშნულია აგრეთვე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა "სერიოზულად არის დასუსტებული, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში" და რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის საკითხი ყველაზე მწვავდე საქართველოსა და თურქეთში დგას.
კანდიდატ ქვეყნებში კორუფციის პრობლემის შეფასებისას, აღნიშნულია "სახელმწიფოს მიტაცების აშკარა საფრთხის" შესახებაც და ასეთი რისკის შემცველი ქვეყნების რიგში საქართველო პირველ რიგში სახელდება. მას მოსდევს ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და თურქეთი. სხვა კრიტიკულ შეფასებებს შორის სახელდება ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის კიდევ უფრო შემცირება.
ევროკომისია ადასტურებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერის ურყეობას:
"ევროკავშირის დიდი ხნის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა, ისევე როგორც ურყევია მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი".
დოკუმენტის დასასრულ აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შესაძლოა განახლდეს, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს ბოლო წლებში აღებული კურსის შეცვლას:
"თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების - ერთგულებას, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შესაძლოა განახლდეს.
ევროკომისია მიესალმებოდა ასეთ განახლებას, არსებული ძლიერი ხალხთაშორისი კავშირებისა და საქართველოში ქვეყნის დემოკრატიული ევროპული მომავლისადმი ფართო და ხანგრძლივი სახალხო მხარდაჭერის გათვალისწინებით".
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა 2022 წლის მარტში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. მანამდე - ევროკავშირის 2023 წლის ივნისის სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს "ევროპული პერსპექტივა" განესაზღვრა, რასაც თან ერთვოდა დემოკრატიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი 12 პრიორიტეტი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებიდან, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლებსაც ხელისუფლება უხეში ძალით, სპეციალური საშუალებების უკონტროლოდ გამოყენებით, აქციების მონაწილეთა დაპატიმრებებით, სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვითა და რეპრესიული ნაბიჯებით დაუპირისპირდა.
ციტატები სტატიიდან
„სერიოზულად არის დასუსტებული, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…