ძალადობრივი პროტესტი ევროპის ქვეყნებში - ვინ აფინანსებს ძალადობრივი აქციების უკან მდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფკავშირებს
უცხოური მედიის მტკიცებით, ევროპაში ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა ორგანიზაციებმა ევროკავშირისგან და სოროსის ფონდიდან მილიონობით ევრო მიიღეს. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს მასალები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.
საფრანგეთი, იტალია, საქართველო - ძალადობრივი პროტესტი სამივე ქვეყანაში ერთი სცენარით ვითარდება. დაპირისპირება სამართალდამცველებთან, ადმინისტრაციული შენობების შტურმი, ხანძრების გაჩენა...
პოლონური "Visegrád 24"-ის, ესპანური "La Gaceta"-ს და ბელგიური "Brussels Signal"-ის, ფრანგული და გერმანული მედიის საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა ევროკავშირისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი მიიღეს - საფრანგეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ 5 560 000 ევრო, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წელს 1 930 000 შვეიცარიული ფრანკი, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგისა და იტალიური "არჩის" ერთობლივი პროექტი 603 140 ევროთი, ხოლო იტალიის პროფკავშირების კონფედერაცია 270 520 ევროთი დაფინანსდა. ევროკომისიის გარდა, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია 620 617 შვეიცარიული ფრანკით ჯორჯ სოროსის ფონდმაც დააფინანსა.
საერთაშორისო მედიის გამოძიება ოფიციალური თბილისისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ უნდა იყოს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება გამჭვირვალე.
ქართული ოპოზიცია საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალას უნდობლობას უცხადებს და დღესაც ამტკიცებს, რომ საქართველოში გამართული აქციები მშვიდობიანი იყო.
საერთაშორისო მედიის ინფორმაცია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის დასტურია, რომ ბრიუსელი საკუთარ კონტინენტზე დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. "ნეიტრალურ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ეს სცენარი საქართველოსთვის უკვე კარგად ნაცნობია.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უკვირს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" დღეს საქართველოში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენეს, რომელსაც, მათი ინფორმაციით, სწორედ ევრობიუროკრატები აფინანსებდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისეთივე რადიკალური ქმედებები, როგორსაც თბილისში ახალისებდნენ, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ ახლა უკვე თავის ქვეყანაში მიიღო.
ადასტურებენ თუ თუ არა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ და რა მიზნებს ემსახურება მსგავსი სტრუქტურების მხარდაჭერა? - ამ კითხვებით ევროკომისიას "რუსთავი 2"-მა ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ 6 დღის წინ მიმართა, თუმცა ბრიუსელი ამ დრომდე დუმს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…