ვატო შაქარიშვილი:დღეს ევროკავშირი არის საერთაშორისო პოლიტიკის აუტსაიდერი. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ევროკავშირი კი ამ ფონზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის
ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო პოლიტიკის აუტსაიდერია და სტრატეგიულ მარცხს განიცდის, ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება კი იმიტაციის შექმნას ემსახურება.

რთულია ამას ცვლილება ვუწოდოთ, ვინაიდან აქ რაიმე შინაარსობრივი ცვლილება არ ხდება, - ასე შეაფასა ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირის ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების ინიციატივა. „დღის ქრონიკაში“ საუბრისას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ისედაც ასე იყო და გარკვეული წევრი სახელმწიფოები ისედაც არ იყვნენ თანასწორნი გაერთიანებაში, ევროკავშირის პოლიტიკას კი 4-5 სახელმწიფო განსაზღვრას, რომელთა პოლიტიკურ ელიტებსაც თავის მხრივ წლებია დიფ სთეითი მართავს.
„ამან უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა ევროკავშირი და ცალკეული წევრი სახელმწიფოები. დღეს ევროკავშირი არის საერთაშორისო პოლიტიკის აუტსაიდერი. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ევროკავშირი კი ამ ფონზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის. ის აღარ არის სუბიექტი, ის არ არის წარმოდგენილი იმ მაგიდასთან, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური გადაწყვეტილებები მიიღება და არც იმ მაგიდასთან, რომელზეც თავად ევროპის ბედი წყდება. ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს ომი, ვიცით, რომ ამ ომში ევროპის რეალური კონტრიბუცია არის ნომერი პირველი, იმიტომ რომ სწორედ ევროპელი მოქალაქეების ჯიბიდან იღებენ ფულს და აგზავნის უკრაინაში და ამ ფონზე ყველა მხარე უარს აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვაზე ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში. ამიტომ ამ ფონზე, როდესაც თავად ეს გაერთიანება შეუქცევადი დეგრადაციის პროცესშია, ის ცდილობს შექმნას იმიტაცია, რომ ის კვლავ საინტერესო, მიმზიდველი გაერთიანებაა და ეს ინიციატივაც ამას ემსახურება“, - მიიჩნევს შაქარიშვილი.
მისივე თქმით, ამით წინასწარ ყალიბდება ისეთი თამაშის წესები, რომლებითაც პოტენციურ ახალ წევრებს თავიდანვე სთხოვენ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დათმობას. შედეგად, ეს სახელმწიფოები ევროკავშირის პრობლემებს გაიზიარებენ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა არ ექნებათ. ხშირ შემთხვევაში კი, ბრიუსელის პოზიცია ცალკეული ქვეყნების ინტერესებს სცდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…