საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავება - ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ეკონომიკური პარტნიორობის ახალი მიმართულებები და ერთობლივი პროექტები განიხილეს
ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ორმხრივი პარტნიორობა და ახალი პროექტები განიხილეს. ბოდბეში გამართულ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმსა და შეთანხმებებს, მათ შორის საავტომობილო-გამტარ პუნქტ „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუს“ ფუნქციონირებაზე.
თავდაცვა, კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები - არსებული კავშირების გაღრმავება და სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ასპექტებზე ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა პირისპირ შეხვედრისას ისაუბრეს. აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოდბეში უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ პარტნიორობას და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის დინამიკა სტაბილურად მზარდია. პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობა რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობა 4 მილიარდს აჭარბებს.
სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. დამატებით შეთანხმებები შედგა, ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო-გამტარი პუნქტის - „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით საქართველოს, გუშინ ეწვია. ალი ასადოვის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა საქართველოს დედაქალაქი უკვე დატოვეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…