რუსეთმა რაკეტებით და დრონებით ისევ დაარტყა უკრაინას, მათ შორის კიევს
რუსეთის მიერ რაკეტებითა და დრონებით მიტანილ მორიგ იერიშს კიევში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ენერგოობიექტების დაზიანების გამო კი დედაქალაქის ნაწილსა და ქალაქ დნიპროში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 30 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა.
დედაქალაქის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია ერთსართულიანი შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ამ შენობაში მაღაზია იყო. ამავე რაიონში დაზიანებულია სახლები. დარნიცკის რაიონში დარტყმა იყო საწყობებზე.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, რუსეთის დარტყმებით გამოწვეულმა დაზიანებებმა სისტემაში გამოიწვია ავარია, რომლის გამოც კიევში, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე რაიონებში გრაფიკის დაცვა ვეღარ ხერხდება და ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა.
ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ დნიპროს და მიმდებარე რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქალაქში ვეღარ მუშაობს ელექტროტრანსპორტი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულებები იყო კიევის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავის ოლქები, გამოიყენა 113 დრონი, 4 მართვადი საავიაციო რაკეტა და ბალისტიკური რაკეტები. ბალისტიკური რაკეტების რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ.
საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 96 დრონის და 3 მართვადი საავიაციო რაკეტის მოგერიება და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა 17 ადგილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ოქტომბერს დილით განაცხადა, რომ დრონებით და რაკეტებით კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს „კიევის რადიოქარხანას“ და საამქროს, რომლებიც დრონებს და მათ დეტალებს აწარმოებენ და ელექტროქვესადგურ „ნოვოკიევსკაიას“, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტროქვესადგურ „სვეტლოეს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს სადგურები ელექტროენერგიით ამარაგებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და როგორც წესი, არაფერს ამბობს ზიანზე, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…