ნანა ქადაგიშვილი: ორთაჭალის ციხეში ოთახები იყო 20-25 კვადრატული მეტრი და 80 პატიმარი იყო განთავსებული. მორიგეობით იძინებდნენ, ნახევარ საათზე მეტი არ უწევდათ ძილი. „რეზბალნიცაზე“ საშინელებები ხდებოდა, ადამიანებს აწამებდნენ. ჩემი ბიჭი მეუბნებოდა, ამას ვეღარ გავუძლებ, აქედან წამიყვანეთ, ისევ ციხეში დამაბრუნეთო
ნანა ქადაგიშვილის მტკიცებით, „ვარდების რევოლუციის“ წინ გივი თარგამაძე მის მეუღლეს 20 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდა, უარის შემდეგ კი მათ ოჯახს დაემუქრა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ორთაჭალის ციხესა და სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ.
გივი თარგამაძემ გვითხრა, ვარდების რევოლუციას ვაწყობთ და თქვენ უნდა დააფინანსოთო. როდესაც ჩემმა მეუღლემ თქვა, - ამას არაფრით არ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკაში გარევა არ მსურს, მით უმეტეს რევოლუციების დაფინანსებაო, დაგვემუქრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - „ვარდების რევოლუციამდე დაიწყო თქვენი ოჯახის დევნა. ამ ე.წ. შავ სიაში რატომ მოხვდით?“
„ერთ „მშვენიერ“ დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უნდა მოსულიყო ბანკში. მიიღო ჩემმა მეუღლემ (გივი თარგამაძეზე ვლაპარაკობ) და პირდაპირ დაუწყო საუბარი, რომ ჩვენ ვაწყობთ ვარდების რევოლუციას და თქვენ უნდა დააფინანსოთ ესო. იმ დროს ჩემი მეუღლე ბანკის დამფუძნებელი არც იყო, იყო ინვესტორების წარმომადგენელი. თქვენ უნდა მოგვცეთ 20 მილიონიო. როდესაც ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ - მე ამას არაფრით არ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკაში გარევა არ მსურს, მით უმეტეს რევოლუციების დაფინანსებაო, დაგვემუქრა. ალბათ ეს ის დღე იყო, როდესაც შავ სიაში შეგვიყვანეს და ძალიან მალე გამოჩნდა დათო სააკაშვილი, მოგვთხოვა, რომ უნდა შემოვიდე თქვენ ბანკში, იურიდიული სამსახური მე უნდა გაგიწიოთ და თქვენი იურისტები გაყარეთო. ამირანი გაუძალიანდა, რას ჰქვია ადამიანები სამსახურიდან გავყაროო. ისეთ სასამართლო პროცესებს ვაგებდით, რომლის წაგება წარმოუდგენელი იყო. ჩემი მეუღლე ამბობდა, ესენი ძალიან ცუდი მიზნით არიან შემოსულებიო. სულ ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყო, თითქოს გული მიგრძნობდა რომ მიზანში ვყავდით ამოღებული. ბანკის 4 თანამშრომელი დააკავეს, ერთდროულად შევარდნენ ყველას ბინაში და გადაიყვანეს მოდულის შენობაში. ჩვენთან სახლში დაიწყეს ჩხრეკა, სეიფს ვეძებთო. უხეშად გვექცეოდნენ, დამამცირებელი დიალოგი მიდიოდა. იმ საღამოს ჩემი შვილი და მეუღლე გადაიყვანეს მოდულის შენობაში. იქიდან 3 დღეში აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს და ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს.
საშინელი სიტუაცია იყო, ოთახები იყო 20 ან 25 კვადრატული და 80 პატიმარი იყო საკანში. მორიგეობით იძინებდნენ და ნახევარ საათზე მეტი არ უწევდათ ძილი. რომ გაიღვიძებდნენ, უნდა მდგარიყვნენ, არ იყო დაჯდომის საშუალება. ჩემი მეუღლე იხსენებდა, დგომითაც ჩაწყობილები ვიყავით, ისე მჭიდროდ ვიყავით, წაქცევითაც ვერ წაიქცეოდიო. ამას სააკაშვილი ნორმალურ ციხეებს ეძახდა. ორთაჭალის „რეზბალნიცაზე“ საშინელი არაფერი არსებობდა. იქ ისეთი საშინელებები ხდებოდა, საშინელ ოპერაციებს ატარებდნენ, ადამიანებს პირდაპირ აწამებდნენ, ორგანოებს იღებდნენ და ამის მოწმე პატიმრები იყვნენ. ოპერაციების დროს თავად პატიმრებსაც ამუშავებდნენ შავი საქმეებისთვის. ჩემი ბიჭი მეუბნებოდა, ამას ვეღარ გავუძლებ, გავგიჟდებიო, ოღონდ აქედან წამიყვანეთ, თუნდაც ჯურღმულში გადამიყვანეთ, ისევ ციხეში დამაბრუნეთო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ვარდების რევოლუციამდე დაიწყო თქვენი ოჯახის დევნა. ამ ე.წ. შავ სიაში რატომ მოხვდით?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…