„ეს ნაბიჯი მეზობელი ავტოკრატიების მკაცრ მეთოდებსაც კი სცდება“ – აშშ-ის ყოფილი ელჩი პარტიების აკრძალვაზე
აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნას ერთპარტიული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობად და ქვეყნის ევროპული მისწრაფების ღალატად აფასებს, რაც მისი თქმით, მეზობელი ავტოკრატიების მკაცრ მეთოდებსაც კი სცდება.

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
ამ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელის განხილვა განაგრძო, რათა მთავარი ოპოზიციური პარტიები უკანონოდ გამოაცხადოს. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს უწოდებს „მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციას“ ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად.
კელის აზრით, სარჩელის სასტიკი შინაარსიც უპრეცედენტო შეტევაა ქვეყნის დემოკრატიულ არქიტექტურაზე, რადგან მთავარი ოპოზიციონერი კონკურენტების უკანონოდ გამოცხადება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს პლურალიზმის საფუძვლებს, რაც ელჩ კელის აზრით, გარდაუვალ გეოპოლიტიკურ კოლაფსს გამოიწვევს:
„ოპოზიციური ხმების მრავალფეროვნების გარეშე საქართველო ვეღარასოდეს გახდება ევროკავშირის, ან ნატოს წევრი. ის გარიყულ ქვეყნად გადაიქცევა, თუ უკვე არ გადაიქცა“.
კელის აზრით, მკვეთრი საკანონმდებლო იერიშით ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს. მისი სტრატეგიული მოტივაციის ანალიზი აჩვენებს, რომ „რეჟიმის ამოცანაა ძალაუფლების კონსოლიდაციაა იმ დროს, როდესაც ქვეყანა ისედაც რკინის ხელით უჭირავს“.
ძალაუფლების ამგვარი მიტაცება საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფების ღალატია, მისწრაფებისა, რომლისთვისაც ხალხმა ბევრი გაიღო და არაერთგზის დაადასტურა არჩევანი, ევლო დემოკრატიის გზით დასავლეთისკენ. „გამაოგნებელია, რომ მმართველი პარტია ასე ხელაღებით ღალატობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და უგულებელყოფს უმრავლესობის ნებას“, – ამბობს იან კელი.
ამ ნაბიჯს საქართველო თანამედროვე დემოკრატიული ნორმების ჩარჩოებიდან გაჰყავს. საერთაშორისო პრეცედენტებზე საუბრისას, კელი მთავრობის ტაქტიკის სისასტიკეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არ იცნობს სხვა დასავლურ სახელმწიფოს, „რომელსაც ამგვარი ყოვლისმომცველი აკრძალვა ეცადოს“.
მეტიც, ეს ნაბიჯი მეზობელი ავტოკრატიების მკაცრ მეთოდებსაც კი სცდება: „კრემლიც კი უპირატესობას ანიჭებს ოპოზიციური პარტიების მიმხრობას, ან არჩევნებში მათ არ დაშვებას, მათი აკრძალვის ნაცვლად“.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი დემოკრატიის განადგურებას სასამართლოს გზით ცდილობს, კელის აზრით, შეუძლებელია ქვეყნის ნამდვილი ტრაექტორიის წაშლა ერთი განჩინებით. „მჯერა და ვენდობი ქართველების სიძლიერესა და სიმტკიცეს, რომელთაც კვლავ სჯერათ, რომ მომავალი დასავლურ ოჯახშია“, – ამბობს იან კელი.
22 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, რომლითაც 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმებას ითხოვენ.
„ოცნება“ შემდეგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
განხილვა დღეს, 28 ოქტომბერს, 11 საათზე განახლდა.
ციტატები სტატიიდან
„გამაოგნებელია, რომ მმართველი პარტია ასე ხელაღებით ღალატობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და უგულებელყოფს უმრავლესობის ნებას“
„მჯერა და ვენდობი ქართველების სიძლიერესა და სიმტკიცეს, რომელთაც კვლავ სჯერათ, რომ მომავალი დასავლურ ოჯახშია“
„რომელსაც ამგვარი ყოვლისმომცველი აკრძალვა ეცადოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…