საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ენმ-ის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ სარჩელს სამართლებრივი არგუმენტაცია არ აქვს და ის პოლიტიკური მანიპულაციაა.
უკვე სამი საათია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს - სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზეა. პროცესზე სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ისარგებლა. ანა წითლიძემ იმ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელშია შესული და რომლებზეც სასამართლოს გადაწყვეტილებებია დამდგარი, მათ შორის სტრასბურგში. საუბარი იყო გირგვლიანის, აფრასიძეების, როინ შავაძის, იური ვაზაგაშვილის და კოდორის სპეცოპერაციის საქმეებზე.
"წარმოდგენილ სარჩელს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია. ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია - აფრასიძეების საქმე. საგამოძიებო კომისიაზე მხოლოდ აფრასიძეების ოჯახის წევრების განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ რატომღაც ვერ მოვისმინეთ ასეულობით საქართველოს მოქალაქის განცხადებები, რომლებიც დაზარალდნენ აფრასიძეების კრიმინალური ოჯახის მიერ.
სანდრო გირგვლიანის ტრაგიკულ საქმეზე მოსამართლე იყო ლევან მურუსიძე. სწორედ მან მოაწერა ხელი იმ გადაწყვეტილებას, რასაც დღეს მოსარჩელე სისტემურ დანაშაულად გვიფასებს. როინ შავაძის საქმე, პირადად აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს. რესან კონცელიძე, "ქართული ოცნების" დეპუტატი. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადამიანი, რომელსაც არ უხსენებია არცერთხელ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები. მაშინ ამ ფაქტს უმწვავესი პოლიტიკური რეაგირება მოჰყვა. ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა. კოდორის სპეცოპერაცია - კოდორის სპეცოპერაციის ყველა მონაწილე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. დაღუპვამდე საუბრობდნენ, რომ მათ დაკითხვას ესწრებოდნენ რუსი ეროვნების ადამიანები, რომ მათ ამ ქვეყანაში არ აცოცხლებდა არავინ.
თუკი მოსარჩელე მხარე, პატივცემულო მოსამართლეებო, ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში სასამართლო სისტემა იყო მორჩილი და უსამართლო განაჩენებს იღებდა. ლევან მურუსიძე და მიხელ ჩინჩალაძე - სწორედ ისინი მიხვდნენ ამ პერიოდის სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი იერარქები", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ანა წითლიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…